,,ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მეტრო „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად არ ჩაბარებულიყო”- კალაძე ”მამისონზე”

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, კომპანია “მამისონი” ვერ შეძლებს ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატაროს. მისი  თქმით, კომპანიას სამუშაოების დროულად ჩატარების რესურსი არ აქვს, რის გამოც ხელშეკრულება შეწყვიტეს.

,,რაც შეეხება “ვარკეთილის” მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხელშეკრულება შეწყვეტილია და აღნიშნული კომპანია, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა მეტრო “გოცირიძის” სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყელა დოკუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი დაგვიანება აქვთ. შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ეს კომპანია ვერ შეძლებს იმ პასუხისმგებლობის აღებას, რაც დაკავშირებულია ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებთან და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, კომპანია ,,მამისონმა“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეტრო „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად არ ჩაბარებულიყო

„გოცირიძის“ მეტროსადგურის სამუშაოები შესრულებულია. არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ვიღაცას არასწორი მიდგომები გვაქვს. რაც მთავარია და მნიშვნელოვანია, როდესაც გაფორმდა ხელშეკრულება „გოცირიძის“ მეტროს რეაბილიტაციაზე, სხვადასხვა გარემოება გამოიკვეთა. ეს იყო ახლი ბაქნის მოწყობა, იმიტომ, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, ამის გამო გარკვეული დროის გადაწევა საჭირო გახდა. აქ, რა თქმა უნდა, კომპანიას ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ სხვა შემთხვევაში ყველანაირი ვადები არასწორად იქნა გამოყენებული და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამუშაოები დროზე არ ჩაბარებულიყო. თქვენ იცით, რომ რამდენჯერმე მოგვიწია სამუშაოების გადაწევა. სამუშაოები დასრულებულია და ექსპლუატაციაში მიღების შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული კომპანიას არ აქვს რესურსი იმისა, რომ „ვარკეთილის“ მეტროსადგურის სამუშაოები დროულად განახორციელოს“,- აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი თემები