,,გვარამიას საქმეში არსებობს ძალიან სერიოზული სამართლებრივი პრობლემები, ბრალი არის დაუსაბუთებელი”- ნინო ლომჯარია

,,არ ვიტყოდი, რომ ნიკა გვარამიას საქმე იქნება ერთადერთი, რასაც მხედველობაში მიიღებენ ევროკავშირის ინსტიტუტები სტატუსის მინიჭების პროცესში, თუმცა ეს საქმეც იქნება ნამდვილად ხელის შემშლელი,”- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელია, რადგან საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმეც იქნება ნამდვილად ხელის შემშლელი ამ გზაზე. მე არ ვიტყოდი, რომ ეს იქნება ერთადერთი, რასაც მხედველობაში მიიღებენ და იქნება ხელისშემშლელი და უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს ამ ევროინტეგრაციის პროცესზე, რაც ყველას ძალიან გვეჩქარება და გვინდა. თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც შევისწავლე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, მაშინვე მოვუწოდე საქართველოს პრეზიდენტს, გამოეყენებინა შეწყალების კომპეტენცია. მას წერილობით მივწერე და დავასაბუთეთ, თუ რატომ იყო ეს ის შემთხვევა, სადაც პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა ეს კომპეტენცია და რა თქმა უნდა, ამ აზრზე ვრჩები, იმიტომ რომ ერთის მხრივ, ეს არის ექსკლუზიური კომპეტენცია, ეს არის ნამდვილად პოლიტიკური კომპეტენცია პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გვარამიას საქმეში არსებობს ძალიან სერიოზული სამართლებრივი პრობლემები, ბრალი არის დაუსაბუთებელი და საერთოდ ვფიქრობ, რომ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ არსებობდა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი თემები