,,ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია არის არაეთიკური”- ბრეგაძე სააკაშვილზე

,,ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პატიმრის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და ყველამ, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში არსებულ კონსტიტუციურ წესრიგს პატივი უნდა სცეს.

,,ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური. შესაბამისად, მე ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გიპასუხებთ, მე ვერ დავიწყებ წინასწარ შეფასებებს. როგორც მოგეხსენებათ,ჯერჯერობით ცენტრი “ემპათიის” დასკვნა არავის უნახავს, ეს დასკვნა უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. მას შემდეგ როდესაც ეს დასკვნა იარსებებს, მრავალჯერ ვთქვი, ახლაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხარეებს შეუძლიათ, რომ სასამართლოს იმ ფაქტის დასადასტურებლად მიმართონ, არის თუ არა ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე, რომ არ შეესაბამებოდეს სასჯელის მოხდის მიზნებს და შემდგომში ამ საკითზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ და არა იუსტიციის მინისტრმა და იუსტიციის სამინისტრომ.

მე ერთი რამ შემიძლია ამ საკითხზე ვთქვა, რომ ამ ადამიანს ყველა პირობა აქვს შექმნილი სახელმწიფოსგან იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული და მისი ეს შესაბამისი უფლებაც იყოს უზრუნველყოფილი და ის შესაბამის კლინიკაში იმყოფება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები