გამოკითხულთა 85% ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხული საქართველოს მოსახლეობის 85% სრულად ან ნაწილობრივ, ევროპულ მისწრაფებებს უჭერს მხარს. აქედან, 60% ის მხარდაჭერა უცვლელია იმის მიუხედავად, რომ ეს არჩევანი შეიძლება დაკავშირებული იყოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტასთან.

„საქართველოს მოქალაქეებში მოთხოვნა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი კვლავ მაღალია. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს მოქალაქეების მრავალწლიანი, ურყევი სურვილი, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ ოჯახს, რასაც ჩვენი ბოლო კვლევაც ადასტურებს“, -აცხადებს სტივენ ნიქსი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორი.

გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეები არ ემხრობიან ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. 78% წინააღმდეგია, რუსეთის მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში უვიზოდ შემოვიდნენ, ბიზნესის რეგისტრაცია მოახდინონ ან  ქონება შეიძინონ.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

 

მსგავსი თემები