ევროსასამართლომ პოლიციელის მხრიდან მოქალაქეზე არასათანადო მოპყრობა დაადგინა

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

უწყების ცნობით, 2022 წლის 28 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „კვირიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც არასათანადო მოპყრობის აკრძალვას გულისხმობს. გადაწყვეტილება შეეხება მოქალაქის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ძალადობას და ფაქტის გამოძიებაში გამოვლენილ დარღვევებს, რის საფუძველზეც სახელმწიფომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება აიღო.

,,განახლებული გამოძიების ფარგლებში დამატებით იქნა მოპოვებული მტკიცებულებები,რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ 2014 წლის 31 დეკემბერს, ქ.თბილისში, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს ავტომანქანით მოძრავი პირი. მოქალაქესა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება, მოქალაქის მიმართ პატრულის ეკიპაჟის ორივე წევრის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება. აღსანიშნავია, რომ მითითებული ფაქტზე 2015 წელს პასუხისგებაში იქნა მიცემული ბრალდებულის მეწყვილე პატრულ-ინსპექტორი, რომელიც სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, განახლებული გამოძიების პირობებში საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა  ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.

მოცემული ეტაპისთვის საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე აქტიურად აწარმოებს გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე. მითითებული კატეგორიის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საგამოძიებო უწყებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები