ვინც ავტომობილს არ დააზღვევს, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის 2019 წლის 1 ივლისიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება.

საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრება 1 წლის ვადით.

კონპროექტის დასახელებაა: „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“. მის მიხედვით, წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით: მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი; მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი; ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 – 240.00 ლარი; სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 – 310.00 ლარი; მისაბმელისათვის – 50.00 – 75.00 ლარი; სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 – 90.00 ლარი.

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი კი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

რაც შეეხევა სანქციებს, თუ მძღოლი დაუზღვეველი ტრანმსპორტით გადაადგილდება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაისჯება. „დამზღვევი უფლებამოსილია, თავად აირჩიოს მზღვეველი, ხოლო მზღვეველს, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევას, უფლება არ აქვს უარი უთხრას მფლობელს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებაზე“ – ვკითხულობთ კანონპროექტში.

მსგავსი თემები