პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი სააკაშვილთან და გვარამიასთან არ შეუშვეს

სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგოჟატა გოშევსკა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან მონახულება ვერ მოახერხა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, განუმარტეს, რომ ის არ არის პატიმრობაში მყოფების ოჯახის წევრი, არც ქართველი დეპუტატი და შესაბამისად ვერც ერთ დაწესებულებაში შეუშვებდნენ.

„მოგესალმებით ამ განსაკუთრებულ ადგილას, სადაც პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ჩემი მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი. კიდევ ერთხელ მითხრეს უარი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე და ასევე, ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრაზე. ფაქტი, რომ პატიმრობაში იმყოფება ქვეყნის პრეზიდენტი და პატიმრობაში იმყოფება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი არც თუ საუკეთესოდ მეტყველებს ამ ქვეყანაზე. ვწუხვარ, რომ მივიღე მორიგი უარი პატიმრებთან შეხვედრაზე და არ მომეცა იმის საშუალება, რომ მენახა რა პირობებში იმყოფებიან ისინი და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ – აღნიშნა პოლონელმა სტუმარმა მედიასთან.

მისივე თქმით, უარს განმარტებაც მოაყოლეს.

„განმიმარტეს, რომ მე არ ვარ ოჯახის წევრი, არ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. წინა წლებში არაერთხელ მომინახულებია ქართველი პოლიტიკური პატიმრები და არ შემქმნია ამაზე პრობლემა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლონურმა სახელმწიფომ არაერთხელ შესთავაზა ქართულ მხარეს ჰუმანიტარული მიზნებით მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პოლონეთში სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პოლონური მხარის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები