იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირებას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის, დაშტრიხვის გარეშე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი.

 ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გაუმჯობესდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი.

 „დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასახელებულ მოსამართლეებს დანიშნავს დასაბუთებისა და გამჭვირვალობის იმავე მაღალი სტანდარტით, როგორც ეს გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურით“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 კანონპროექტით, დადგინდება შეზღუდვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმართული პროცესის ფარგლებში მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ, თუ საჩივრის განხილვის შედეგად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა დაადგენს საბჭოს შესაბამისი წევრის მიკერძოებას.

 ანრი ოხანაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცედურაში მონაწილე საბჭოს წევრობის კანდიდატს უფლება ეძლევა კენჭისყრამდე მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას და წარუდგინოს თავისი ხედვა და მოსაზრება.

 შემოთავაზებული ცვლილებებით, დგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე მოუსმენს თითოეულ ასეთ კანდიდატს.

 „წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ევროკომისიის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განსაზღვრული ერთ-ერთი ამოცანის შესრულებას და მთლიანობაში ემსახურება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.  დაინიცირებული ცვლილებები დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მომზადდა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც  12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში იურიდიული საკითხთა კომიტეტის მიერ შეიქმნა.

მსგავსი თემები