პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია წერილს აგზავნის

ნიკა გვარამიამ ციხიდან წერილი გამოგზავნა, რომელიც მისმა მეუღლემ გაავრცელა. გვარამია ყველას არხის გადარჩენას სთხოვს და წერს, რომ „დასავლური ფრონტის“ მთავარი ხაზი, სწორედ ტელევიზიაზე გადის.

„მთავარ არხელებო, ბიჭებო და გოგოებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. ცხადია, ამაში ჩემი პირადი მხარდაჭერა იგულისხმება, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანიც – მორალური პრეცედენტი, რომელსაც საკუთარი მაგალითით ამკვიდრებთ და აჩვენებთ ყველას. გაძლება და თან ღირსეული გაძლება ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. თავდადება და ბრძოლა ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. ერთგულება და სიყვარული ყველაზე მეტად იმას ჰქვია, რასაც თქვენ აკეთებთ. მე თავს კარგად ვგრძნობ, ჩემზე არ იდარდოთ, არხს მიხედეთ.

დასავლური ფრონტი მთავარი ხაზი ახლა „მთავარი არხის“ ყოფნა – არ ყოფნაზე გადის და არა ჩემს გათავისუფლებაზე, როგორც ბევრი მცდარად მიიჩნევს. არხი უნდა გადარჩეს, სხვა გზა არ გვაქვს. არხი უნდა გადარჩეს – ამას თქვენ გასაგონად არ ვამბობ, თქვენ ამის შეხსენება არ გჭირდებათ. ამას ყველას გასაგონად ვამბობ, ვისაც არხის გადარჩენა ხელეწიფება. თუ რაიმე მიზნის ირგვლივ არის გაერთიანება საჭირო და აუცილებელი, ეს „მთავარი არხის“ გადარჩენაა.

ძალიან გთხოვთ ყველას, დაეხმარეთ „მთავარს“. იმათაც, ვისაც პირადად ჩემი გულშემატკივრობა ამოძრავებს ვეტყვი, რომ ამ გულშემატკივრობის მთავარი ფორმა „მთავარი არხის“ დახმარებაა. დაეხმარეთ „მთავარს“ – ამას გთხოვთ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით. გადაარჩინეთ „მთავარი“ – ამას გთხოვთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლის სახელით. გინდა ერთი ლარით, გინდა მრავალათასიანი გრანტით, გინდა ღარიბმა, გინდა მდიდარმა, გინდა ქართველმა, გინდა უცხოელმა, გინდა ადამიანმა, გინდა ორგანიზაციამ, გინდა შემოწირულობით, გინდა რეკლამით – დაეხმარეთ „მთავარ არხს“, ჩვენს თავისუფლებას, გთხოვთ უმორჩილესად, დიდი იმედით და მადლიერებით, ნიკა გვარამია“, – წერს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.

 

მსგავსი თემები