,,ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი შეშფოთებას იწვევს, მკაცრი რეაქცია გვექნება”- ნიკოლოზ სამხარაძე

,,მკაცრად ვგმობთ ყველანაირ გამოვლინებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვის, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ეროვნული კრების დელეგაციის ვიზიტზე გვექნება მკაცრი რეაქცია,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ელჩის დაბარებისა და ვიზიტის დაგმობისა, სახელმწიფოს სხვა ბერკეტი არ აქვს.

„ეს შეშფოთებას იწვევს. ჩრდილს აყენებს და აზიანებს ჩვენს შორის ურთიერთობას. ამიტომ მკაცრი რეაქცია იქნება. ეს არის დასაგმობი, რადგან არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შემლახველი. ეს არის ოკუპაციის კანონის დარღვევა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც დიპლომატიური საქმიანობის ჭრილში არის. გარდა იმისა, რომ ელჩი დავიბაროთ და ეს საქციელი დავგმოთ, სახელმწიფოს სხვა ბერკეტი არ აქვს. უკიდურესი ზომა იქნებოდა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, თუმცა არ მგონია, ეს რაიმე სარგებლის მომტანი იყოს. შესაბამისად, ვმოქმედებთ, იმ დიპლომატიური პროტოკოლიდან გამომდინარე, რაც ამ შემთხვევაში არსებობს. რა თქმა უნდა, ბელარუსის მხრიდან წითელი ხაზების გადაკვეთა და აფხაზეთის ან ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება მოხდა, მაშინ გადაიდგმება უკიდურესი ნაბიჯები, რასაც მოჰყვება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. იმედი მაქვს, ბელარუსი ამ ნაბიჯს არ გადადგამს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ბელარუსის საპარლამენტო კრების დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

მსგავსი თემები