სახალხო დამცველი ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად,  სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და გამოითხოვა განაჩენი.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს სახალხო დამცველმა, ე.წ. რეკლამების ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სახალხო დამცველის შეფასებით, დაუშვებელი იყო ნიკა გვარამიას მსჯავრდება მის მიერ მენეჯერული გადაწყვეტილების მიღებისთვის (ე.წ. რეკლამების ეპიზოდი), რაც შესაძლებელია თეორიულად გამხდარიყო სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი, მაგრამ არა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი.

სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო და არ გაითვალისწინა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის ფუნდამენტური პრინციპები. სააპელაციო სასამართლომ კი, ხსენებული სამართლებრივი საკითხების სწორად შეფასების ნაცვლად, კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა იმ ქმედების გამო, რომელიც თავისი შინაარსით სამოქალაქო სამართლებრივია და რომლის სისხლისსამართლებრივად მიჩნევის მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ე.წ. მანქანის ეპიზოდში ნიკა გვარამიას მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი პრობლემური იყო ამ ეპიზოდშიც. ერთი მხრივ, საკითხი მნიშვნელოვანწილად ჰგავდა საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში ე.წ. რეკლამების ეპიზოდს, მეორე მხრივ კი არსებით გარემოებებთან დაკავშირებით სრულიად დაუსაბუთებელი იყო.

სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და გამოითხოვა განაჩენი. დასაბუთებული განაჩენის მიღებისთანავე სახალხო დამცველი საზოგადოებას დამატებით წარუდგენს საქმის დეტალურ შეფასებას.

სახალხო დამცველი შეახსენებს საზოგადოებას, რომ 2022 წლის 8 ივნისს მან მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების გათვალისწინებით, ნიკა გვარამიას დარღვეული უფლებების საპასუხოდ, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებისკენ მოუწოდა”,- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მსგავსი თემები