,,აშშ ამაყობს, რომ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს, გააუმჯობესონ პროგრამების ეფექტურობა და მუშაობა”- კელი დეგნანი

,,აშშ ამაყობს შესაძლებლობით, რომ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს თავიანთ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ პროგრამების ეფექტურობა და ფუნქციონირება, რათა გადაწყვეტილებების მიღება დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე,”– ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩს დაუსვეს შეკითხვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც მოსამართლეების ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტები გააკრიტიკა.

„მქონდა პატივი, შევხვედროდი ბევრ ქართველ მოსამართლეს სასამართლოს ყველა დონეზე ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში. მათ შორის არიან რეგიონის მოსამართლეები. მოვისმინე ყველა მათგანისგან აზრთა ურთიერთგაცვლის შესახებ აშშ-ში ვიზიტის დროს. არის ტრენინგები, ჩვენ ვკრებთ ამერიკელ მოსამართლეებს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. ასევე, მოვისმინე მათგან, რომ დაინტერესებული არიან მეტი ვიზიტით, მეტი ტრენინგით, მოსაზრებების მეტად გაცვლით, რადგან ძალიან სასარგებლოა, როდესაც მოსამართლეები იკრიბებიან და ერთმანეთს უზიარებენ, რა მუშაობს კარგად პროგრამაში, როგორ უმკლავდებიან განსხვავებულ გამოწვევებს. ეს ტრენინგები და ურთიერთგაცვლა ძალიან კარგად მიიღეს და დიდი წვლილი შეიტანა ქართული მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზების ძალისხმევაში. ეს არის ის, რასაც აშშ წლების განმავლობაში აკეთებს. საქართველომ განიცადა მნიშვნელოვანი პროგრესი სასამართლოს ეფექტურობის და ფუნქციონირების კუთხით. ახლა საჭიროა ამ სამუშაოს გაგრძელება, ევროკავშირის მიერ დასახული 12 პრიორიტეტის შესრულება. ეს არის იგივე საქმე, რაც დიდი ხანია, საქართველოს დღის წესრიგშია. აშშ ძალიან ამაყობს შესაძლებლობით, რომ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს თავიანთ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ პროგრამების ეფექტურობა და ფუნქციონირება, რომ გადაწყვეტილებების მიღება დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ განაცხადა: „ხუთი დღით წავლენ მოსამართლეები და დაათვალიერებენ შენობებს, კარგია, რომ დაისვენებენ, ნახავენ, რა დიდებულია აშშ, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ“.

 

მსგავსი თემები