,,საუბრის ძირითადი თემა იქნება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა”- პრემიერის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო

შეხვედრები გაიმართება ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და ასევე აბუ-დაბის საამიროს მსხვილი საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელობასთან, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრებზე განიხილავენ ორმხრივ თანამშრომლობას და მისი განვითარების პერსპექტივებს.

„განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღევანდელი სტატუსი და მისი განვითარების მომავალი პერსპექტივები. რა თქმა უნდა, საუბრის ძირითადი თემა იქნება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა“, – განაცხადა პაატა კალანდაძემ.

მისივე თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება, რადგან წელს ორი ქვეყანა ზეიმობს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს შესრულდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მას შემდეგ, რაც ქალაქ აბუ-დაბიში 2020 წელს საქართველოს საელჩო გაიხსნა“, – აღნიშნა ელჩმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი უკვე დაიწყო.

მსგავსი თემები