,,ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი ნაბიჯი გადავდგით”- ილია დარჩიაშვილი

,,ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი ნაბიჯი გადავდგით – მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ბელარუსი დაუბრუნდება პოზიციას, რომელიც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით,”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მისივე თქმით, ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ მსგავსი ტიპის გამოვლინებები, რომელიც აზიანებს საქართველოს, აღარ იქნება მომავალში.

„შალვა კერესელიძე საუბრობდა ლუკაშენკოს ვიზიტზე. ბელარუსთან დაკავშირებით, საკითხი ეხება ჩვენთვის განსაკუთრებულად სენსიტიურ ამბავს და მინდა, ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში ყველას მოგიწოდოთ, რომ შეფასებების ნაწილში ვიყოთ ფრთხილად. რაც შეეხება ბატონი ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში, ამასთან მიმართებაში ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული, თანმიმდევრული ნაბიჯები. პირველი – გავაკეთეთ კონკრეტული განცხადება ამასთან მიმართებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე. იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება, ჩემი გამოხმაურება. ჩვენ გამოვიძახეთ ბელარუსის ელჩი საქართველოში ახსნა-განმარტებისთვის და გადავდგით ყველა ის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც ასეთ დროს ქვეყანამ უნდა გადადგას. შესაბამისად, ამ საკითხის საბოლოო შეფასების ნაწილში, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ბელარუსი მყარად დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით. მე ვფიქრობ და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მსგავსი ტიპის გამოვლინებები, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, აღარ იქნება მომავალში, ამ მიმართულებით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები