,,მნიშვნელოვანია ოკუპაციას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ყველა შეეწინააღმდეგოს საერთაშორისო ინსტრუმენტებით”- შალვა პაპუაშვილი

„გუშინ და დღეს  12 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებსა და მოადგილეებს  შევხვდით.  ეს შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება. საქართველოს მიმართ სოლიდარობა არის მყარი. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, დევნილების საკითხს, ამ მხრივ მხარდაჭერა უზრუნველყოფილია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტებით შეეწინააღმდეგოს. ასევე  მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეზოლუციებში საქართველოს ჰქონდეს მხარდაჭერა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამის პირობასა  და მზაობას გამოხატავენ ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ორმხრივ შეხვედრებზე.

„როცა მსოფლიოს ყურადღება მთლიანად მიპყრობილია იმ საკითხზე, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპების საწინააღმდეგო ქმედება, ის რომ აგრესია არის მიუღებელი, ეს საქართველოს მიმართ მეტ ყურადღებას იწვევს. ყველასთვის გასაგებია,  რომ  ოკუპაციას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ყველა შეეწინააღმდეგოს  საერთაშორისო ინსტრუმენტებით, რომ შესაბამის რეზოლუციებში საქართველოს ჰქონდეს მხარდაჭერა. ორმხრივ შეხვედრებზე გვქონდა საუბარი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციას, რომლის მიღებაც ყოველ წელს განახლებული სახით ხდება. რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს. ჩვენ ასეთი დაპირება კოლეგებისგან მივიღეთ“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 145-ე ასამბლეაში მონაწილეობს, რომელიც რუანდის დედაქალაქ კიგალში იმართება.

ასამბლეას 120-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 60-მდე პარლამენტის თავმჯდომარე ესწრება.

მსგავსი თემები