თბილისის 2019 წლის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა

​თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს აღემატება და ის დამატებით, 100 მილიონი ლარით გაიზრდება. იმისათვის, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ზაფხულის პერიოდში წარიმართოს, დედაქალაქის მერია ბანკებთან საკრედიტო ხაზის გახსნას გეგმავს და აღარ დაელოდება ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის გამოყოფას, რასაც „ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილება სჭირდება.

როგორც თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, დედაქალაქს წლეულს უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ბიუჯეტი აქვს და მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება.  

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის საკრებულომ  მხარი დაუჭირა საკრედიტო ხაზის შექმნის გადაწყვეტილებას, რაც მერიას საშუალებას აძლევს, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სატენდერო პროცედურები დროულად, ტრანსფერის გამოყოფისთვის აუცილებელი საკანონმდებლო პროცედურების დასრულებამდე დაიწყოს.

“მერია დაიწყებს ბანკებთან პირობების გამოკითხვას. ვინც უკეთეს პირობას შემოგვთავაზებს, საკრედიტო ხაზის გახსნა მასთან მოხდება. ამგვარად, აღარ მოგვიწევს, დაველოდოთ საბიუჯეტო ცვლილებებს ცენტრალური ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავიწყოთ. ეს გეგმარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან აქტიური სარეაბილიტაციო ფაზა შედარებით წყნარ პერიოდს, ზაფხულის სეზონს უნდა დაემთხვეს. მნიშვნელოვანია, რომ ტენდერების გამოცხადებას შევძლებთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მსგავსი თემები