,,ომბუდსმენის უფლებამოსილებაა ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზედამხედველობა და არა საგარეო პოლიტიკის ტაქტიკა”- შალვა პაპუაშვილი

„საქართველოს  მთავრობა,  პარლამენტი ევროინტეგრაციასთან  დაკავშირებით რასაც აკეთებს, ამას ხედავს საზოგადოება და შესაბამისი დასკვნები გამოაქვს, რაც შეეხება სახალხო დამცველის თუ სხვა კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებას, თქვენი უფლებამისილებაა ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ზედამხედველობა. რაც უფრო კარგ ზედამხედველობას გაწევთ, ამით შეასრულებთ თქვენს ვალდებულებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის 2021 წლის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ანგარიში მოისმინეს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც სახალხო დამცველი კონსტიტუციის 78-ე მუხლით აპელირებს ევროინტეგრაციასთან მიმართებით, ტოვებს მნიშნელოვან პასაჟს, კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილების ფარგლების შესახებ.

„რაც შეეხება ევროინტეგრაციას, აპელირებთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, რომ ის გავალდებულებთ გააკეთოთ ყველაფერი და მიიღოთ ყველა ზომა ინტეგრაციისთვის. აქ თქვენ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან მონაკვეთს ტოვებთ.  საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.  აქ მნიშვნელოვანი პასაჟი არის თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.

სახალხო დამცველის უფლებამოსილება შეეხება ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და არა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, ტაქტიკის, ინსტრუმენტების გამოყენების საკითხებს. ვინაიდან თქვენ ისაუბრეთ და დათვალეთ რამდენჯერ ვინ ვის შეხვდა ან არ შეხვდა, ეს არ გახლავთ თქვენი უფლებამოსილება და ეს არ არის ის საკითხი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან ან თქვენი ანგარიშიდან უნდა გაჟღერებულიყო“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები