ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნული პაკეტი,  მჭიდროდ იყო კოორდინირებული საერთაშორისო პარტნიორებთან.

როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, სანქციების ახალი პაკეტი პასუხობს რუსეთის მხრიდან მუდმივ ესკალაციას და უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიას ყალბი რეფერენდუმების საფუძველზე, დამატებითი ჯარიმების მობილიზებასა და ღია ბირთვულ საფრთხეებს.

„პაკეტს ევროკავშირის კანონმდებლობაში შემოაქვს საფუძველი, დაწესდეს ფასის ლიმიტი, რომელიც დაკავშირებულია მესამე ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებასთან და შეიზღუდოს ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირება“,  განაცხადეს ევროკომისიაში.

სანქციების მერვე პაკეტი მოიცავს რუსეთიდან შვიდი მილიარდი ევროს ღირებულების საქონლის იმპორტის აკრძალვას. ასევე,  ე.წ. რეფერენდუმების ორგანიზებაში მონაწილე ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების, თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებისა და ომის შესახებ დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას.

ევროპულმა საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ დღეიდან 23 თებერვალს შემოღებული შეზღუდვების გეოგრაფიული ფარგლები, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებიდან საქონლის იმპორტის აკრძალვის ჩათვლით, გაფართოვდება აგრეთვე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიებზე.

მსგავსი თემები