,,ვთხოვ ყველას, ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებსაც შეიძლება, პასუხად მოსდევდეს კულისებიდან რაღაცების გამოტანის აუცილებლობა”- მდინარაძე

,,ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენ მიმართ ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებსაც პასუხად შეიძლება, მოსდევდეს კულისებიდან რაღაცების გამოტანის აუცილებლობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე  აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, უაღრესად შემაშფოთებელია კელი დეგნანსა და საელჩოზე თავდასხმები.

„ძალიან გთხოვთ, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, ნუ მომთხოვთ მის კონკრეტულ განცხადებაზე მისივე მოტივაციას, რადგან ამის შესახებ ვერ გიპასუხებთ. ამის ლაპარაკი რომ მდომოდა, ახლა არ ვიქნებოდი „ქართულ ოცნებაში“, ვიქნებოდი „ხალხის ძალაში“. კულისებში ბევრი რაღაც არის, რაზეც სამწუხაროდ, ვერ ვლაპარაკობთ. ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენ მიმართ ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებსაც პასუხად შეიძლება, მოსდევდეს კულისებიდან რაღაცების გამოტანის აუცილებლობა, რადგან მიგვაჩნია, რომ ბევრი საკითხია, რაზეც შეიძლება, დიდი დისკუსია გავმართოთ, ერთმანეთთან ვიკამათოთ, როგორც მეგობრებმა და პარტნიორებმა, ჩვენ ვილაპარაკოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და სტრატეგიულ ინტერესებზე, მათ თავიანთი გვითხრან, ამის შესახებ გარეთ ლაპარაკს არ ვაპირებთ. რომ ვაპირებდეთ, მაშინ „ხალხის ძალაში“ ვიქნებოდით. აქედან გამომდინარე, ყველას ვთხოვ, თავის განცხადებებში ნუ იქნება რაღაც ისეთი პათოსი, სადაც კულისებიდან მეტის გამოტანის საჭიროება და აუცილებლობა გახდება. ამაზე თავს ვიკავებთ. კი ბატონო, თუნდაც, ფრთხილები ვართ და ჩვენს ურთიერთობას ვუფრთხილდებით. ნებისმიერი განცხადება თუ იქნება დაკონკრეტებული, აქ უკვე არ იქნება სივრცე არც კამათის, არც გაურკვევლობის და არც ბუნდოვანების. წარსულში გვქონდა მოცემულობა, როცა „ხალხის ძალის“, თუ დეპუტატების კითხვები რჩებოდა უპასუხოდ, იყო ბუნდოვანი, არამკაფიო და ეს ტოვებდა შემდეგი განვითარების სივრცეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე”- ბონი ჯენკინსი

მსგავსი თემები