„ოცნებიდან“ წასული ოთხეული ისევ ამტკიცებს, რომ  ელჩი დეგნანი საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მხარდამჭერია

„ქართული ოცნებიდან“ გასული  დეპუტატები – დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან დაკავშირებით ისევ მწვავე განცხადებას აკეთებენ და მიანიშნებენ, რომ ის საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნას უჭერდა მხარს.

დეპუტატების მტკიცებით, გუშინ ელჩს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გიორგი ვაშაძის, გიგა ბოკერიას, აგრეთვე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსთვის მრავალმილიარდიანი შეიარაღების გადაცემასა და უკრაინისთვის ქართული შეიარაღების მიწოდების თემას უკავშირდებოდა.

მათივე ინფორმაციით, აშშ საქართველოს ახალი შეიარაღების შესყიდვას  სთავაზობდა და ეს ხდებოდა იმ პერიოდში, როცა გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიარაღების შესყიდვაზე კამპანიის აგორებას ცდილობდნენ.

„სამწუხაროდ, ქალბატონმა ელჩმა მკაფიო პასუხს ამ შემთხვევაშიც აარიდა თავი და ჟურნალისტებს ძალზე ბუნდოვნად უპასუხა, „ეს განცხადებები სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორია-ო“.

ერთი მხრივ, ელჩი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ გაემიჯნა, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება დაუტოვა.

კერძოდ, როდესაც ელჩი ამბობს, რომ რადიკალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უზუსტობებს შეიცავს და ის ამ ინფორმაციას სრულად არ უარყოფს, რჩება ობიექტური განცდა, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში სიმართლეს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. ელჩს რომ ეთქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვა არ შეუთავაზებია, ყველაფერი ნათელი იქნებოდა. საზოგადოება დარწმუნდებოდა, რომ ელჩი საჯაროდ უარყოფს რადიკალური ოპოზიციის ბრალდებას საქართველოში მეორე ფრონტის შექმნის სურვილის შესახებ. თუმცა, ელჩმა ჟურნალისტებს მკაფიო პასუხი არ გასცა, რაც სწორედ რომ საპირისპირო დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა“  – აცხადებს ოთხეული.

მათივე მტკიცებით, ფლობენ ინფორმაციას, რომ არა ვაშაძის მიერ წარმოდგენილი მასშტაბით, მაგრამ გარკვეული სოლიდური მოცულობით ახალი შეიარაღების შესყიდვას ამერიკული მხარე საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სთავაზობდა.

„ეს ხდებოდა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც გიორგი მარგველაშვილი და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები შეიარაღების შესყიდვის შესახებ კამპანიის აგორებას ცდილობდნენ. ყველასათვის ცხადია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მიერ ნებისმიერი სოლიდური ოდენობით შეიარაღების შესყიდვა, აგრეთვე უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და მეორე ფრონტის გახსნისთვის მყარ საბაბს შექმნიდა“ – აღნიშნულია დეპუტატების განცხადებაში.

 

მსგავსი თემები