“ოცნება”ისრუტავს, ჭამს მოქალაქეთა, ქვეყნის კეთილდღეობას და მომავალს“ – წალენჯიხის მერი 

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა სახელმწიფო სტრუქტურებში საშტატო ერთეულის „გაბერვასა“ და ნეპოტიზმთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს. როგორც ოპოზიციონერი მერი ამტკიცებს,  „პარტიული ნეპოტიზმი“ და არამიზნობრივი ხარჯვა სახეზეა.

„თებერვლის თვიდან, თვითონ მერიისა და უკვე 5 “აიპის” თვითმმართველობის სტრუქტურულმა ანალიზმა და რეფორმების პროცესმა თვალნათლივ შიგნიდან დაგვანახა, რომ სტრუქტურები ჩამოყალიბებული იყო ყოველგვარი დასაბუთების, სამუშაო აღწერილობების და შესაბამისობის გარეშე.  მინიმუმ, ერთი ასეული საშტატო ერთეული დაშვებული იყო სწორედ “ოცნების” პარტაქტივის დასასაქმებლად (ე.წ.”გაბერილი შტატები”). ამ აშკარა უკანონობას დავუმატოთ ბაღებთან კანონში გაწერილი სტანდარტების დარღვევა, როცა სხვადასხვა ბაღებში ერთ ჯგუფზე სხვადასხვა რაოდენობის თანაშემწეები მოდიოდა, ეს ყველაფერი კი პირდაპირ ტელეფონის ზარებით ხორციელდებოდა“ – აცხადებს ხარჩილავა.

მისივე შეფასებით, კანონდარღვევა სახეზეა.

„ე. წ „გაბერილი შტატების” ხარჯები ჭამდა, ისრუტავდა ბავშვების საკვებს, სათამაშოებს, წიგნებს; დასუფთავება-კეთილმოწყობაში – გზებს, წყალმომარაგების სისტემებს, განახლების, არქიტექტურულ-ესათეტიკურ იერსახეს; სპორტში – სპორტულ სექციებს, ფეხბურთი – მმატჩის ანგარიშებს და ა.შ. და ამ უძირითადესი საკითხებისთვის პარტიულ „ბოსებს“ და ბიუჯეტს არ ეცალა. პარტია უნდა გამოეკვებათ! ამიტომაც გაღარიბდა მოსახლეობა, ხოლო, ვინც მმარველობის პარტიას არ უჭერს მხარს, მას დასაქმების და კონკურენტიანი ბიზნესის კეთების არავითარი შანსი არ აქვს და ქვეყანას ტოვებს“ – აცხადებს მერი.

მისი შეფასებით, არსებული მახინჯი სისტემა ემსახურება არა მხოლოდ პარტაქტივის გამოკვებას, არამედ, საარჩევნო მანიპულაციის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების არნახულ მასშტაბებს. „1000 მდე დასაქმებული თვითმმართველობაში ფაქტიურად ბმაში დადის მუნიციპალიტეტის უმრავლესობა ოჯახამდე.

ანალოგიური მდგომარეობაა სხვა მუნიციპალიტეტებშიც, დარწმუნებულად ვაფიქსირებ. წალენჯიხაში, როგორც ოპოზიციურ მუნიციპალიტეტში, შიგნიდან დავინახეთ სისტემის ხასიათი, მანკიერებანი და ხრწნა – ჩვენ ამის შესაძლებლობა გვქონდა, რადგან ხელისუფლებაში ვართ, ხელისუფლებაში სწორედ ხალხმა მოგვიყვანა და ხალხისვე შეკვეთა – რეფორმების ჯიუტი გზა ავირჩიეთ“ – განმარტავს ხარჩილავა და საელჩოებს მიმართავს.

„როგორც წალენჯიხის პირდაპირი გზით არჩეული, ერთადერთი ოპოზიციური მერი, მოვუწოდებ საელჩოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც მუშაობს დეცენტრალიზაციაზე, შრომის კოდექსზე, თვითმმართველობაზე  – ჩაუღრმავდნენ საკითხს, გამოითხოვონ ინფორმაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტების მიხედვით, დაამუშაონ ექსპერტულ დონეზე და ნათლად გამოჩნდება, რომ ასეული მილიონი ლარი მიდის ოცნების პარტაქტივის გამოკვებაზე“ – აღნიშნულია გია ხარჩილავას განცხადებაში.

 

მსგავსი თემები