„პოლიტიკოსებს ევროპაში უწევთ, დაარწმუნონ მოქალაქეები, ნაკლები ჭამონ, უფრო იშვიათად დაიბანონ, თბილად ჩაიცვან“ – პუტინის შეგონებები

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელი გზავნილების დიდი ნაწილი დასავლეთის კრიტიკას დაეთმო. როგორც ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე აღნიშნა,  ევროპელ პოლიტიკოსებს ისრები გადააქვთ რუსეთზე, რომ რუსეთი ყველა უბედურების წყაროა.

„ქაღალდით ვერავის გამოკვებავ, საჭიროა სურსათი. ვერც ამ გაბერილი კაპიტალიზაციით გაათბობ ვინმეს, ენერგომატარებლებია საჭირო. ამიტომ, პოლიტიკოსებს ევროპაში უწევთ, დაარწმუნონ თავიანთი მოქალაქეები, ნაკლები ჭამონ, უფრო იშვიათად დაიბანონ, სახლში კი უფრო თბილად ჩაიცვან. ხოლო მათ, ვინც სამართლიანი კითხვების დასმას იწყებს, რატომ არის ასე, მყისიერად აცხადებენ მტრებად, ექსტრემისტებად და რადიკალებად. ისრები გადააქვთ რუსეთზე – აი, ვინ არის თქვენი ყველა უბედურების წყარო, ისევ იტყუებიან“ – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი სსრკ-ს აღდგენისკენ არ მიისწრაფვის.

„საბჭოთა კავშირი აღარ არის. წარსულის დაბრუნება შეუძლებელია და რუსეთს დღეს ეს არც სჭირდება. ჩვენ ამისკენ არ მივისწრაფით. თუმცა არაფერია იმაზე ძლიერი, ვიდრე მილიონობით ადამიანის სიმტკიცე, რომლებიც თავიანთი კულტურით, რწმენით, ტრადიციებით, ენით მიიჩნევენ თავს რუსეთის ნაწილად“ – განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები