,,დირექტორმა მითხრა, ჩვენ ტოლერანტები ვართო და არ არის სწორი რუსეთის დროშა რომ ჩამოხსენიო”- მოსწავლე, რომელმაც რუსეთის დროშა ჩამოხია

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს მოსწავლე, რომელმაც პროტესტის ნიშნად რუსეთისა და აფხაზეთის დროშები ჩამოხია. მე-11 კლასის მოსწავლის განცხადებით, სტენდიდან რუსეთის დროშის ჩამოხევის შემდეგ კლასის დამრიგებელმა უთხრა, რომ მას სკოლა უნდა დაეტოვებინა, დირექტორმა კი აგრესორი უწოდა.

,,კლასელებთან ერთად ვიყავი და ვნახე, რომ იყო რუსეთის დროშა და აფხაზეთის დროშა გამოკრული. მივედი და , პირველ რიგში, ჩამოვაგდე რუსეთის დროშა, ჩამოვხიე. ცოტა მაგრად იყო მიწებებული და დრო დამჭირდა, რომ ჩამომეხსნა. ამასობაში დაირეკა ზარი, გამოვიდნენ მანდატურები და ავედით კლასში და კლასში შემდეგ გამოვთქვით პროტესტი, თუ რატომ იყო აფხაზეთის დროშა გამოკრული, რის შემდეგაც მოგვცეს თანხმობა, რომ „კი, ბატონო, ჩამოხსენითო“. ჩავედით და ჩამოვხსენით ეს აფხაზეთის დროშა. რუსეთის თავიდან მიაკრეს. ამ ყველაფრის მერე ავედით კლასში და შემოვიდა დამრიგებელი ჩვენთან და გვესაუბრა. საუბრის დროს გვითხრა ასეთი ფრაზა, რომ „სამწუხაროდ, ლუკამ უნდა დაგვტოვოსო“. რის შემდეგაც, ვიფიქრეთ, რა თქმა უნდა, კლასმა, რომ უნდა გავერიცხე სკოლიდან, მაგრამ დედაჩემი რომ დაიბარეს, უკვე უთხრეს, რომ გარიცხვით არ ვრიცხავთო, დოკუმენტებში მაგას არ დავუწერო, მაგრამ ბავშვი გადაიყვანეთ, სადაც გინდათო. დირექტორმა მითხრა, „ჩვენ ტოლერანტები ვართო და რუსი მოსწავლეები გვყავსო, სხვადასხვა ეროვნების ხალხი გვყავსო და არ არის სწორი როგორც შენ მოიქეცი, რუსეთის დროშა რომ ჩამოხსენიო. აგრესორია, მოკლედო, ასე მითხრა, დღესო დროშა ჩამოხიაო, ხვალ შეიძლება ჩემს მოსწავლეს მივვარდეს და თვალები გამოთხაროსო, – განაცხადა ლუკა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, მოსწავლემ სკოლის სტენდიდან რუსეთის და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დროშა ჩამოხია, რასაც სკოლის დირექციის მხრიდან გაღიზიანება მოყვა.  სკოლის დირექტორი აჭარის განათლების სამინისტრომ თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლა.

მსგავსი თემები