,,ლუკაშენკომ დაარღვია „ოკუპაციის შესახებ“ კანონი, რასაც რეაგირება მოყვება”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი დაარღვია.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ალექსანდრ  ლუკაშენკოს ვიზიტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია „ოკუპაციის შესახებ“ კანონი, რასაც ჩვენი, შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოყვება. როგორც ვიცი, საქართველოში ბელარუსის ელჩი უკვე
დაბარებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის
წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს.

მსგავსი თემები