,,ვეტყვით, რომ არ არიან სასურველი სტუმრები“ – აქცია საქართველო-რუსეთის საზღვართან

ამ წუთებში ლარსზე პარტია “დროას” ორგანიზებით აქცია იმართება. საპროტესტო აქციას  სამოქალაქო აქტივისტები, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები და მოქალაქეები უერთდებიან. სამართალდამცავებმა აქციის ჩატარების უფლება ადგილზე შეკრებილებს საზღვრიდან დაახლოებით 5 კმ-ის მოშორებით მისცეს.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა ბუხრაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოსკენ რთული მოძრაობაა და იმისთვის, რომ არ შეიქმნას კოლაფსი და აქციის მონაწილეების უსაფრთხოება იყოს დაცული, პოლიცია მათ ლარისის სასაზღვრო პუნქტთან მისვლისა და აქციის ჩატარების უფლებას ვერ მისცემს.

„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვერ გაგატარებთ. დიდი ნაკადი შემოდის რუსეთიდან, კოლაფსი რომ არ შეიქმნას, იქ ვერ ჩაგატარებინებთ აქციას“, – განაცხადა ბუხრაძემ.

“დროას” წარმომადგენელის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებს ეტყვიან, რომ რომ არ არიან სასურველი სტუმრები.

„ჩვენი ამოცანაა, რომ პროტესტი გამოვხატოთ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიმართ. გავშლით ბანერებს და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში, ვეტყვით, რომ არ არიან სასურველი სტუმრები“, – განაცხადა “დროას” წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ.

მსგავსი თემები