,,ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა”- მაია ბუწაშვილი ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,მთელ მსოფლიოში პირველად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა, რაც ძალიან დიდი განგაშია,”- ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ინფექციონისტის განცხადებით, პანდემიის პერიოდში სხვა ინფექციების გამოვლენის რიცხვმა იკლო, რამაც გავლენა ინფიცირების ზრდაზეც მოახდინა.

„კოვიდმა სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა სხვა ინფექციური დაავადებების მართვაში. განსაკუთრებით იგრძნობა C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის და აივ ინფექციის მიმართებით. ვიცით, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, პანდემიის დროს მკვეთრად შემცირდა გამოვლენა. ეს რისკს უქმნის იმას, რომ ჩვენ ელიმინაციას მივაღწიოთ. გვიანი გამოვლენა მეტ ინფიცირებულს ნიშნავს. იგივე პრობლემა გვაქვს ტუბერკულოზის მიმართულებით,”- აღნიშნა ინფექციონისტმა.

მაია ბუწაშვილის განცხადებით,  ტუბერკულოზით გარდაცვალების რაოდენობის ზრდის მიზეზი, ინფექციის დაგვიანებული გამოვლენაა.

,,მარტო ჩვენთან არა, მთელ მსოფლიოში პირველად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა, რაც ძალიან დიდი განგაშია. მიზეზი დაგვიანებული გამოვლენაა. ადამიანებს ეს ორი წელი აქცენტი მთლიანად ჰქონდათ კორონავირუსზე, მათ შორის ექიმებსაც. თუ ადამიანი ახველება, იკეთებს ტესტს და თუ არ აღმოაჩნდებოდა კოვიდი ყველა ბედნიერია. ყველას ავიწყდება, რომ ხველას შესაძლოა სხვა მიზეზიც ჰქონდეს, მათ შორის, ტუბერკულოზი. ტუბერკულოზის გამოვლენა მკვეთრად შემცირდა, შედეგმაც არ დააყოვნა, მთელ მსოფლიოში გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ჩვენთანაც ტუბერკულოზის გამოვლენა შემცირებულია. შემცირებულია აივ ინფექციის გამოვლენაც.

როგორც პაციენტი ასევე სამედიცინო დაწერსებულებები ორიენტირებული იყვნენ კოვიდზე. ექიმები დისტანციურად მართავდნენ პაციენტებს და შესაბამისად, შეთავაზება მათთვის რომ ჩაეტარებინათ ტესტირება აივ ინფექციაზე ან ტუბერკულოზზე შეუძლებელი იყო. ყველა ორიენტირებული იყო, გამოერიცხათ კოვიდი. ფაქტობრივად, ან დაგვავიწყდა და ლოჯისტიკურადაც მოუგვარებელი იყო ამ დაავადებებთან კონსულტირება. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ისტორიული დაავადებები სულ იქნება სამწუხაროდ დედამიწაზე, ისინი არ უნდა დაგვავიწყდეს,”- განაცხადა მაია ბუწაშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, 2 მეტრიანი დისტანცია ტუბერკულოზის შემთხვევაში ეფექტური არ არის.

,,ტუბერკულოზი ჰაერის გზით გადაეცემა. დიდ მანძილზე ვრცელდება, 2 მეტრიანი დისტანცია ეფექტური არ არის. თუ ხველა 2 კვირაზე მეტი გრძელდება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. ექიმებსაც მოვუწოდოთ, რომ დაუბრუნდნენ ძველ ალგორითმებს, მხოლოდ კოვიდი არ არის, პაციენტს გამოკვლევა ჩაუტარონ“, – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

“ტუბერკულოზით სიკვდილობა გაიზარდა” – მაია ბუწაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

 

 

მსგავსი თემები