გამონაბოლქვთან დაკავშირებით რეგულაცია უნდა გამკაცრდეს, ყველამ შეიგნოს, რომ გამონაბოლქვი კლავს! – დავით მესხიშვილი

  •  

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის, ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებული გახდა. ახლო მომავალში კი შსს-ს ინიციატივით, ვიდეოჯარიმების გაზრდაა გათვალისწინებული, რის მიხედვითაც კამერით დაფიქსირებულ საგზაო წესების დამრღვევ მძღოლებს, ჯარიმის დარიცხვასთან ერთად, ქულებიც ჩამოეჭრებათ, რასაც ამ დრომდე მხოლოდ პატრულ-ინპექტორები ახორციელებენ.

აღნიშნულმა რეგულაციებმა მძღოლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან სავალდებულო ტექინსპექტირების გასავლელად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწესრიგება გარკვეულ ფინანსურ ხარჯებზეა დამოკიდებული, სპეციალისტების ნაწილი რეგულაციების გამკაცრებას მიესალმება, თუმცა აქვთ შენიშვნები და რიგ საკითხებზე კონკრეტულ პასუხებსაც ითხოვენ.

როგორც „მედიაცენტრ მთავართან“ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი განმარტავს, ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანის მიერ დაბინძურებული ჰაერი დაავადებულ ადამიანთა რიცხვის მატების ერთ-ერთი წინაპირობაა და თუ ამ საკითხში სახელმწიფო ლმობიერებას გამოიჩენს, ცუდ შედეგს მივიღებთ:

„მიზეზი, რატომაც ამ პროცესს მხარი დავუჭირეთ, რეალურად იყო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი, რაც, მიუხედავად იმისა, რომ გვამშვიდებენ, თითქოს არაფერი ხდება, კატასტროფულად არის გაზრდილი. როგორ არ ხდება, გაივლის ავტომობილი და ორი წუთით ირგვლივ აღარაფერი ჩანს!.. რაც უნდა დაგვამშვიდონ, ეს არის შემაშფოთებელი.

ჩემთვის მთავარი იყო და რჩება ის პრინციპი, რომ გამონაბოლქვთან დაკავშირებით, ეტაპობრივად მოთხოვნები უნდა გამკაცრდეს, რადგან ყველამ კარგად შეიგნოს, რომ გამონაბოლქვი კლავს, ზოგს სწრაფად, ზოგსაც – ნელა, მაგრამ ეს არის მომაკვდინებელი.

სამწუხაროა, რომ მძღოლების ნაწილი ამას შეგნებით არ ეკიდება და წამლავს საკუთარი ოჯახის წევრებს, პირველ რიგში. მით უმეტეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მავნე ნივთიერებები კონცენტრირდება ერთი მეტრის სიმაღლეზე და ძირითადად ბავშვებს უწევთ მისი შესუნთქვა, რაც იწვევს სიკვდილს და ავადობას უპირველესად, ბავშვებში.

არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ლმობიერება იყოს სწორი და გამართლებული. მართალია, კონკრეტულად რის გამო იზრდება ავადობის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად, ამის ზუსტი მონაცემები არავის აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ძირითადად, დაბინძურებულ გარემოს უკავშირდება, მგონი არ უნდა იყოს სადავო,“ – განმარტავს „მედიაცენტრ მთავართან“ მესხიშვილი.

თუმცა, მისივე აზრით, შემოთავაზებული პროექტი საჭიროა გადაიხედოს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. მაგალითად, თუ ავტომობილი არ არის გაფორმებული მძღოლზე, რომელიც მართავს, ან თუ ავტომობილს ფლობს ადამიანი, რომელსაც საერთოდ არა აქვს მართვის მოწმობა, ამ შემთხვევაში სანქცია როგორ ვრცელდება? არის თუ არა კვალიფიციური კადრი ის ინსპექტორი, რომელიც მძღოლს ამოწმებს?.. აღნიშნული და სხვა კითხვები, მისი აზრით, არგუმენტირებულ პასუხებს მოითხოვს.

„მთავარი დარღვევა, რასაც კამერა და რადარი ერთობლივად აფიქსირებს ხოლმე, ეს არის სიჩქარის გადაჭარბება და ეს არის დარღვევა, რომელიც კლავს!

ზუსტი სტატისტიკა თითქმის არ არსებობს, მაგრამ რაც გვაქვს, იმის მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბება არის საერთაშორისოდ აღიარებული მთავარი მკვლელი დარღვევა, რასაც გაეროც ებრძვის. თუ სიჩქარე არ არის მაღალი, შეიძლება საგზაო მოძრაობის წესები დაირღვეს, მაგრამ შემთხვევა მსხვერპლით არ დასრულდეს. ამ მხრივ სანქციის გამკაცრებას აპირებს შსს-ც, მაგრამ მთავარია, არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, რაც საზოგადოებაში წინააღმდეგობას იწვევს,“ – აღნიშნავს მესხიშვილი „მთავართან“ საუბრისას.

სპეციალისტის აზრით, ტრანსპორტის სფერო ცოცხალი ორგანიზმივით არის, რომელიც მუდმივად ვითარდება და ახალი ტენდენციების შესაბამისად, საჭიროა პატრულ-ინპექტორები იმ საერთაშორისო ექპეტრების მიერ გადაამზადონ, ვისაც ამ სფეროში წარმატებული გამოცდილება აქვთ. 

„ჩემი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო საწვავის ხარისხთან დაკავშირებული. კერძოდ, სიტყვიერად როგორც უნდა გვარწმუნებდეს შესაბამისი უწყება, რომ არსებული საწვავი კარგია, ეს არ არის საკმარისი, უნდა არსებობდეს მონიტორინგის სისტემა, რომელიც ხარისხიანი საწვავის გარანტიას მოგვცემს, რადგან თუ 2020 წლიდან მკაცრდება რეგულაცია გამონაბოლქვზე, ვერც ერთი კატალიზატორი გაუძლებს ამ მოთხოვნას უხარისხო საწვავით, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ის ავზიც კი დაბინძურებულია, სადაც საწვავი ინახება.

გარდა ამისა, თაღლითობების წინააღმდეგ ბრძოლაში ვერ აღმოჩნდა სახელმწიფო მზად. თუმცა თაღლითობა შეიძლება იურიდიულად სულაც არ ქვია, როცა ვიღაც ბენზინში დიზელს ურევს, ან საბურავებს აქირავებს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რის გამოც ძალიან ბევრი სატრანპორტო საშუალება მივიდა ინსპექტირების ცენტრში“, – აცხადებს მესხიშვილი.

რაც შეეხება ახალი რეგულაციების შედეგად ტრანპორტირების ხარჯების მოსალოდნელ გაძვირებას, სპეციალისტი თვლის, რომ ტაქსის მომსახურება, სავარაუდოდ, გაიზრდება, რაც მეტად გამოკვეთავს დედაქალაქში არსებულ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კრიზისს:

„ტრანპორტირების ხარჯების გაძვირების ტენდენცია ზოგადად, არსებობს, მაგრამ ინპექტირების დროს გვახსენდება, რომ 60 ლარია გადასახდელი და ვისაც გაზზე ყავს ავტომობილი, დამატებით 120 ლარის გადახდა უწევს. ტაქსების უმრავლესობა გაზზეა. მარამ ეს არ არის მათთვის მთავარი ხარჯი, ავტომობილს მომზადება სჭირდება იმისათვის, რომ ყოველ წელს ინსპექტირება გაიაროს. სადაც ხარჯებმა შეიძლება 400-500 ლარიც შეადგინოს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტომობილთა 90 პროცენტი 10 წელზე მეტი ხნისაა, ნაწილების ცვეთაც ძალიან ხშირია. ეს კიდევ გამართლებული ხარჯებია, მაგრამ ტაქსებს ემატებათ სალიცენზიო ხარჯი, გადაღებვასთან დაკავშირებული ვალდებულებები და კაცმა არ იცის, 1-ელი ოქტომბრიდან კიდევ რა დაემატებათ, რაც თავისთავად, ტაქსების მომსახურეობის ზრდას გამოიწვევს.

როცა ტაქსების ე.წ. რეფორმა, დააანონსა მერიამ, რასაც რეფორმას ვერ დავარქმევ, მაშინვე ვთქვი, რომ უშვებენ დიდ შეცდომას, რადგან ვერ ხვდებიან, რომ იაფი ტაქსი მათ ეხმარებათ იმაში, რომ არ გამოჩნდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ისეთი მწვავე კრიზისი, რაც გვაქვს, – საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის საკმარისი რაოდენობით და რაც არის, ტექნიკურად გაუმართავია.

როცა ტაქსი გაძვირდება, მგზავრთა ძალიან დიდი ნაკადი მეტროში და ავტობუსში გადაინაცვლებს, მაგრამ დღეს არ გვყოფნის ეს ტრანსპორტი და შემდეგ რა იქნება?! ამიტომ, თუ ავტობუსების რაოდენობა დროულად არ გაიზარდა, დაიწყება პრობლემები და კიდევ უფრო გამწვავდება დედაქალაქში არსებული სიტუაცია“.- აღნიშნავს დავით მესხიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

მოამზადა ნონა ქარქაშაძემ

მსგავსი თემები