კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა:

„ 27 სექტემბერი საკმაოდ მძიმე დღა თითოეული ჩვენგანისთვის. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეს ქვეყანა ბრძოლისთვის უნდა იყოს მზად. ამ ქვეყანას მომავალი აქვს ერთი – ძლიერი და თავისუფალი! დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ გარდაცვლილი თანამებრძოლების სულებს. მადლობას ვუხდით მათ ოჯახებს, მთლიანად საქართველოს, მათ შორის თქვენც, რომ უნარი გაქვთ, აგრძნობინოთ თითოეულ ჩვენგანს ეროვნული თავისუფლება თუ რა მძიმე მისიაა,” განაცხადა ჟურნალისტებთან კობა კობალაძემ.
მოგვიანებით, კობა კობალაძე, გმირთა მოედანზე საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. კობა კობალაძემ, ასევე, ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი, რომელიც გმირთა მოედანზე დღეს გაიხსნა.
სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, უწყების თანამშრომლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები.
სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, დღეს, 27 სექტემბერს, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი _ საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა

მსგავსი თემები