სექსუალური შევიწროებისთვის თავდაცვის სამინისტრომ თანამშრომელი დაითხოვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას იმ თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ პირთან მიმართებაში ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.

„თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, შესაბამისი სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად, შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ პირთან მიმართებაში ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმე ეხება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის საჩივარს, მის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ამავე ნიშნით ხელშეკრულების არგაგრძელების საკითხს.

სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, გენერალურმა ინსპექციამ არ დაადასტურა გენდერული ნიშნით შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელების ფაქტი, ხოლო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემდეგ, მომზადდა შესაბამისი დასკვნა, ასევე ხელშეკრულებით დასაქმებული შევიწროებაში დადანაშაულებული პირის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც თავდაცვის ძალების მიერ გათვალისწინებული იქნა.

აღნიშნული ფაქტი ერთეულ შემთხვევას წარმოადგენს, რომელზეც დაუყოვნებლივ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, რადგან თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას მსგავსი ტიპის ბრალდებების საფუძვლიან შესწავლას აქცევს. სამინისტროს პოლიტიკა შეუწყნარებელია ნებისმიერი და მათ შორის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ. გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა და განმტკიცება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები