„ადამიანები, რომლებიც ნეპოტიზმით და უცოდინარობით მუშაობდნენ სისტემაში, დავემშვიდობეთ“ – წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სისტემაში ვინც სამსახური დაკარგა, ნეპოტიზმისა და უცოდინრობის „მსხვერპლი“ გახდა. მისივე შეფასებით, მათ სამსახურიდან გაშვებისთვის ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს.

„ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმები განხორციელდა. ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს. ორივე რ-ზე იწყება და არაუშავს. რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნეპოტიზმით, უცოდინარობის მიუხედავად, მუშაობდნენ სისტემაში, ჩვენ მათ დავემშვიდობეთ. დიახ, ეს არის ასე. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ოთხ საქმეზე დამდგარია უკვე გადაწყვეტილება და ოთხივე გადაწყვეტილება არის სამინისტროს სასარგებლოდ. უარია ნათქვამი სამსახურში აღდგენაზე“ – აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, ზოგ თანამშრომელს ეზარება, რომ ობიექტზე გავიდეს.

„არ მაქვს კრიტერიუმები, რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გარდა. ეს არის პროფესიონალიზმი, ეს არის დაუზარებლობა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენ გვყავდნენ ადამიანები, ეუბნები, რომ წადი ამა და ამ ძეგლზე, ამოსულია ხე და მას უბრალოდ, ეზარება რომ წავიდეს. ძალიან მრცხვენია ამაზე რომ მიწევს საუბარი, მაგრამ ვერ ვმუშაობ ასე. ბოდიშს არ მოვიხდი ამისთვის, როდესაც მე არ მეზარება შრომა, მაგრამ თანამშრომელი მყავს, რომელსაც ეზარება შრომა და გასაუბრებაზე მეუბნება, რომ სახელმწიფო ვალდებულია, შემინახოს“ – განაცხადა წულუკიანმა პარლამენტში.

 

მსგავსი თემები