დაკარგულია 2 640 ექსპონატი, გამქრალია ახვლედიანის, გუდიაშვილის, გაბაშვილისა და სხვების ნამუშევრები

საქართველოს მუზეუმებიდან დაკარგულ ექსპონატებს შორის არის ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, გიგო გაბაშვილის, ზურაბ ნიჟარაძისა და სხვათა ნამუშევრები. როგორც კულტურისა და სპორტის მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა,  ერთ-ერთ მუზეუმში არც ერთი ესპონატი არ დარჩა.

„გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის ეთნოგრაფიულ-ისტორიულ მუზეუმში ინვენტარიზაციის შედეგები გვაჩვენებს, რომ დაკარგულად ითვლება 2640 ექსპონატი. ეს არის ფაქტი! შესაბამისად, ეს არის არაპირდაპირი პასუხი, თუ რატომ არის ზოგიერთი თანამშრომელი „ყოფილის“ სტატუსით დღეს“ – განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში.

მისი შეფასებით, ფონდში ვერ იმუშავებს ადამიანი, რომელიც არც კი ინტერესდება, სად გაქრა მუზეუმში დაცული ექსპონატები.

„როდესაც შენ გაბარია ექსპონატი და ამას ვერ უვლი, როცა ამ ექსპონატს არ აქვს პასპორტი, როდესაც 90-იანი წლებიდან, 2010 წლიდან გაგზავნილი გაქვს უცხოეთში ფერწერული ტილო და შენ არ ინტერესდები, სად არის ის, რა საკვირველია, ასეთი ადამიანი ფონდში ვერ იმუშავებს“ – აღნიშნა წულუკიანმა.

მსგავსი თემები