მარიამ ჯაში: იტალია არის ის ქვეყანა, რომელსაც საუკეთესო პარტნიორთა სიაში მოვიაზრებთ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 101 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებას, რომელიც გაიხსნა სამეცნიერო სემინარით – „როგორ შეიძლება ძველი ქალაქი ჭკვიან ქალაქად იქცეს?“, განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დაესწრო.

სემინარი ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით კულტურული ტურიზმის განვითარებას, ძველი ისტორიული ქალაქების თანამედროვე ქალაქად წარმოჩენას ეხებოდა. ის სხვადასხვა დარგის ქართველ და იტალიელ მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. 

„მინდა, ხაზი გავუსვა იტალიასთან იმ უნიკალურ თანამშრომლობას, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, იტალიის საელჩოს ხელშეწყობით. დღევანდელი დღე არის ნაწილი იმ სემინარების სერიიდან, რომელიც ეძღვენება იტალიის კულტურული მემკვიდრეობის გამოცდილების გაზიარებას. თუკი რომელიმე სახელმწიფოსგან შეგვიძლია ვისწავლოთ, თუ როგორ დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა და პარალელურად უზრუნველვყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, იტალია არის ის ქვეყანა, რომელსაც საუკეთესო პარტნიორთა სიაში მოვიაზრებთ. იტალია არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე ვრცელი ჩამონათვალის სამშობლო და ქვეყანა, რომელმაც შესძლო ტურიზმის განვითარების პარალელურად კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პოპულარიზაცია და დაცვა,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვისა და მათ შესახებ ტურისტებისთვის უტყუარი ისტორიული ცნობების მიწოდებასთან დაკავშირებით, კომიტეტის ინიციატივაზეც ისაუბრა – „ისტორიკოსებთან ერთად მუშავდება ახალი ინიციატივა, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ორენოვან საინფორმაციო და საანოტაციო დაფების სავალდებულო განთავსებას გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივა დაიცავს ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიღებისგან“.

მარიამ ჯაშმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, აკადემიურ პერსონალსა და თანამშრომლებს მიულოცა 101 წლის იუბილე და საზოგადოებრივი ცხოვრების გზაზე უნივერსიტეტის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

​ 

მსგავსი თემები