,,გულწრფელად ვნანობ ჩემ მიერ ჩადენილ ქმედებას – ყველაფერი მარტო ჩავიდინე”- ბანკზე თავდამსხმელი

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული გრიგოლ ნარსია ჩვენებაში ბრალს აღიარებს და აღნიშნავს, რომ დანაშაულში მასთან ერთად სხვა პირი არ მონაწილეობდა. ბანკზე თავდამსხმელი ჩვენებაში აცხადებს, რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს გულწრფელად ნანობს.

„ბანკში მყოფი ადამიანები ავიყვანე მძევლად. ამის შემდეგ ბანკში კარი დავკეტე და დავამაგრე ჩემ მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაკეტი, „მულიაჟი“. ამის შემდეგ ბანკის თანამშრომლებს მოვთხოვე, ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს, რაც მეცოტავა. ამიტომ ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, თავისი უფროსისთვის დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ. იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვსთხოვე, რომ მძევალთა გათავისუფლების სანაცვლოდ ორი მილიონი აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი მოეტანათ ჩემთვის. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა, დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა და ანკესი, რათა საზღვრის გადაკვეთისას, დროშა მასზე დამემაგრებინა. მითხრეს, რომ ჩემთვის ფული ჰქონდათ მოტანილი და მკითხეს, მქონდა თუ არა ჩანთა, რაზეც ვუპასუხე, რომ მქონდა და  ფულის წაღებას შევძლებდი. ამავე დროს, უცებ შენობაში სწრაფად შემოვიდნენ სპეცრაზმელები, მათ გამაკავეს. ფიზიკური წინააღმდეგობა გავუწიე, თუმცა ჩემი გაკავება მოახერხეს. დანა, ხელყუმბარა და სხვა ნივთები არ გამომიყენებია, წამართვეს. ვაღიარებ იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა ტარების ფაქტს, ჩემ მიერ მითითებულ ბანკზე თავდასხმის ფაქტს, მძევლების ხელში ჩაგდებას. გულწრფელად ვნანობ ჩემ მიერ ჩადენილ ქმედებას და გთხოვთ ეს გაითვალისწინეთ. ყველაფერი მარტო ჩავიდინე. დანაშაულში სხვა პირს რაიმე ფორმით თანამონაწილეობა არ მიუღია“, – განაცხადა გრიგოლ ნარსიამ.

მსგავსი თემები