​1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის კბილი კერძო პირის ბინაში ინახებოდა – გამოძიება დაიწყო  

კბილი, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება, გამოძიების საგანი ხდება. როგორც მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, დმანისთან არქეოლოგების მიერ 1,8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის კბილი ამ დროისთვის მუზეუმშია, თუმცა გენინსპექცია შეისწავლის, რატომ იყო კბილი კერძო პირის ბინაში.

„დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი დაცულია იქ, სადაც უნდა იყოს დაცული. ამ კბილის ადგილი არის მუზეუმში და მუზეუმში ის დაცულია მხოლოდ გუშინდელი დღიდან, რაც სამწუხაროა. ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგროვებს მასალებს და თუ დავინახეთ, რომ რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევაა, თუმცა დარღვევები სახეზეა, შემდეგ მივცემთ ამას მსვლელობას.

სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ეს უდიდესი აღმოჩენა მხოლოდ გუშინდელი დღიდან​ არის მუზეუმში დაცული. გუშინ იმიტომ, რომ გენინსპექციამ ის ამოიღო კერძო პირის ბინიდან. ის არის იქ, სადაც უნდა იყოს. ამგვარი მოპყრობა, დიდი არქეოლოგიური აღმოჩენებისადმი, არის სრულიად დაუშვებელი. მე არ ვიცი, რა იყო წარსულში. უფრო სწორად ვიცი, რაც იყო, მაგრამ დღეს ეს არ არის საინტერესო. საინტერესო არის ის, რომ ჩვენ საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას, რომლის ნაწილიც არის დიდი არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც სახეზეა, ამას სჭირდება კანონის დაცვით გაფორმება, კვლევა და ა.შ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი დმანისის სოფელ ოროზმანთან აღმოაჩინეს.

 

მსგავსი თემები