„აშშ არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ასეთ საკითხებზე საუბარი გვირჩევნია კულისებში და არა საჯაროდ“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, არის საკითხები, რაზეც საჯაროდ საუბარი არ შეიძლება. ერთ-ერთ ასეთ საკითხად კი აშშ-სა და საელჩოსთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს, როგორც მდინარაძე განმარტავს, ოთხეულმა სწორედ ამიტომ დატოვა გუნდი, რომ ისინი ყველაფრის საჯაროდ გამოტანას უჭერენ მხარს.

„წერილში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნისგან, მთავარი სტრატეგიული ქვეყნისგან დაფინანსება არის 6 მილიარდი დოლარი.  მათ გამოითხოვეს გარკვეული ინფორმაცია და ამბობენ, რომ სინამდვილეში არის 4.5 მილიარდი, საიდანაც 3.5 მილიარდი ჩაირიცხა, ანუ, ფიზიკურად ქვეყანაში შემოვიდა 3.5 მილიარდი დოლარი. აქედან პირდაპირი დახმარება, და არა „ენჯეო“ სექტორს რაც მოხმარდა და ა.შ. იყო დაახლოებით მილიარდი. მათი საქმეა, ისინი ამ ინფორმაციას ამგვარად გაასაჯაროებენ, თუ არ გაასაჯაროებენ. მე ამაში სიღრმეში ვერ შევალ. აშშ არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ასეთ საკთხებზე საუბარი გვირჩევნია კულისებში და არა საჯაროდ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.

მისი შეფასებით, ამ დოზით გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროება საჭირო არ არის და სწორედ ეს გახდა „ქართული ოცნებიდან“ გასულ ოთხ დეპუტატთან ერთადერთი სადავო საკითხი.

მსგავსი თემები