კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ევროპასთან ინტეგრაციის  და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“  კანონში შესატან  ცვლილებებზე იმსჯელეს.

 როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ეკა სეფაშვიილმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით მოხდება ისეთი წესების განსაზღვრა, რომლებიც გაითვალისწინებს ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს და უზრუნველყოფს ერთიან თანაბარ პირობებს ბაზარზე გამოჩენილი აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის.

 „კანონპროექტით განსაზღვრული წესების მიზანია კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, არასრულწლოვანთა და მომხმარებელთა დაცვა, მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა და სხვადასხვა ნიშნით სიძულვილის ენის გავრცელების, ტერორიზმის წაქეზების შემცველ პროგრამებსა და რეკლამებზე ეფექტიანი რეაგირების, მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების თანმდევი რისკებისა და შედეგების ეფექტიანი პრევენციის მექანიზმის შექმნა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 მისივე თქმით, მაუწყებელი, სამაუწყებლო ბადით, თავად განსაზღვრავს რა დროს, რა თანმიმდევრობით და რა პროგრამას უყუროს მომხმარებელმა, ისე რომ აუდიოვიზუალური პროდუქცია ყველა მომხმარებლისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომი იყოს.

 კომიტეტებმა მხარი დაიჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

მსგავსი თემები