,,ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სუს-ის და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ცდილობს”- არჩილ თალაკვაძე

,,აშკარაა ტენდენცია, რომ ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ცდილობს”,- ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, 17 სექტემბერს  „ტვ პირველის“ ეთერში უკანონო თვალთვალის თაობაზე გასულ სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტებმა მტკიცებულებები თავისი წყაროებით უნდა წარადგინონ საგამოძიებო უწყებაში.

„მტკიცებულებები უნდა წარადგინოთ საგამოძიებო ორგანოში, ოღონდ არა ისე, როგორც გაშუქებული იყო – საჯარო სივრცეში გადაღებული ფოტოებით და თითქოს ხმოვანი შეტყობინებებით, რომელზეც მტკიცებით ფორმაში ამბობდით, რომ თითქოს ერთ ან მეორე პირს ეკუთვნოდა. უნდა გამოიჩინოთ კეთილი ნება, მტკიცებულებები თავისი წყაროებით უნდა წარადგინოთ საგამოძიებო უწყებაში, მხოლოდ ასეა შესაძლებელი და არა ტელესერიალებით, რომ თუ რაიმე უკანონობას აქვს ადგილი, ამას სამართლებრივი პასუხი გაეცეს. ზოგადად, აშკარაა ტენდენცია, რომ ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ცდილობს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქმე ეხება 17 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალს ეხებოდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები, 2020 და 2021 წლით თარიღდება. ამავე ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ოპოზიციურ სპექტრს ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.

მსგავსი თემები