„პანდემიის შემდეგ მომატებულია დეპრესია, შეიძლება იყოს სუიციდის რისკი“ – ქეთი დალინკევიჩი „მედიაცენტრ მთავარში“

კლინიკური ფსიქოლოგი, ქეთი დალინკევიჩის შეფასებით, პანდემიამ და ჩაკეტილობამ საკმაოდ სერიოზული კვალი დატოვა ბავშვებშიც და მოზარდებშიც. როგორც ფსიქოლოგმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ფსიქოლოგთან მომართვიანობა მინიმუმ სამჯერ გაიზარდა გასულ სამ წელთან შედარებით.

„სამწუხაროდ, ჩვენთან კვლევები ჩატარებული არ არის, თუმცა ამერიკულ და ევროპულ კვლევებზე დაყრდნობით, პანდემიის შემდგომ ძალიან გაზრდილია ფსიქიატრიული მდგომარეობები. უცხოური კვლევებით დადგინდა, რომ პანდემიის შემდგომ მომატებულია დეპრესია, შფოთვა, მარტოსულობის განცდა, შეიძლება იყოს სუიციდის რისკი. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გარკვეულწილად არიან მოწყვლადი კონკრეტული ფსიქიკური მდგომარეობებისკენ პანდემია აღმოჩნდა ერთგვარი წამახალისებელი, რომელმაც გამოიწვია გარკვეული პრობლემების განვითარება, წინ წამოწევა, რასაც აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ“ – განაცხადა ფსიქოლოგმა „მედიაცენტ მთავართან“.

მისივე შეფასებით, მშობლებმა ბავშვის ქცევებს ყურადღება უნდა მიაქციოს და თუ ცვლილებებს შეამჩნევს, სპეციალუსტს უნდა მიმართოს.

„თუ ბავშვის მდგომარეობა როგორც ფსიქიკური, ასევე ქცევით, შეიცვალა, მშობელმა უნდა მიმართოს ფსიქოლოგს. მაგალითად, თუ ბავშვი ხალისიანი იყო, ახლა ჩაკეტილი და აგრესიული გახდა;  თუ აქამდე აქტივობებში იყო ჩართული, ახლა კი ოთახიდან არ გამოდის; უარს ამბობს გარე აქტივობებზე, ეს არის სიგნალი. თუ ეს გრძელდება ძალიან დიდხანს და არის მკვეთრად გამოხატული, თუკი ის მოზარდს ფუნქციონირებაში ხელს უშლის, სპეციალისტის ჩარევაა აუცილებელი. ამ ყველაფერს მშობელი უნდა აკვირდებოდეს. ეს სირთულეები ნამდვილად გამოიკვეთა და მომართვიანობა საგრძნობლადაა გაზრდილი. რა მომართვიანობაც სამი წლის წინ იყო, დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სამმაგად მეტია თუ კიდევ უფრო მეტი არა“ – განაცხადა ქეთი დალინკევიჩმა მედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები