„პანდემიამ მოზარდებში ასოციალურობა და აუტიზაცია გამოიწვია”- კლინიკური ფსიქოლოგი „მედიაცენტრ მთავარში”

„პანდემიამ მოზარდებში გამოიწვია ერთგვარი ასოციალურობა, აუტიზაცია, არა მარტო მოზარდები, ადამიანები შეეგუენ იმას, რაც პანდემიამ შემოგვთავაზა,”- ამის შესახებ კლინიკურმა ფსიქოლოგმა ქეთი დალინკევიჩმა „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კლინიკური ფსიქოლოგის განმარტებით, პანდემიამ გარკვეული სირთულეები მოზარდებთან ერთად, სხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებსაც შეუქმნა.

„პანდემიამ მოზარდებში გამოიწვია ერთგვარი ასოციალურობა, აუტიზაცია, არა მარტო მოზარდები, ადამიანები შეეგუენ იმას, რაც პანდემიამ შემოგვთავაზა. ეს არის ჩაკეტილობა, სახლიდან მუშაობა, სახლიდან სწავლა, სახლიდან ურთიერთობა მეგობრებთან, ანუ ვირტუალური ურთიერთობა. რა თქმა უნდა, გაიზარდა ეკრანთან გატარებული დრო. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ ბავშვები მეცადინეობდნენ კომპიუტერის დახმარებით. ზოგადად, პანდემიამ არა მხოლოდ ბავშვებსა და მოზარდებში, ზრდასრულებშიც გამოიწვია რეალური სირთულეები, რადგან რთული გახდა ბევრი საკითხის ერთად მენეჯმენტი და მათი მართვა. მაგალითად, სახლიდან მუშაობა და პარალელურ რეჟიმში ბავშვისთვის გარკვეული საჭიროებების დაკმაყოფილება, ან ბავშვის და მშობლის დროის ერთად პოზიტიურად და ნაყოფიერად გატარება. ცალკე განსახილველია ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ბევრ ოჯახს მოუწია ძალიან ვიწრო წრეში დიდი რაოდენობის ადამიანების თანაცხოვრება, რამაც გარკვეული სირთულეები გამოიწვია,”- განაცხადა კლინიკურმა ფსიქოლოგმა „მედიაცენტრ მთავარში”.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად არის კავშირში, მოზარდებში გახშირებული ძალადობის ფაქტები პანდემიის პერიოდთან, კლინიკურმა ფსიქოლოგმა განაცხადა, რომ საქართველოში არ ჩატარებულა კვლევები, რომელიც გამოკვეთდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს პანდემიის შემდეგ, რამდენად გაიზარდა აგრესია.

,,სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარებულა კვლევები, რომელიც გამოკვეთდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს პანდემიის შემდეგ რამდენად გაიზარდა აგრესია. თუმცა, ერთი ფაქტორი არის ის, რომ გაჯეტებთან, ეკრანთან მიჯაჭვულობამ მშობლებისთვის გაართულა იმის კონტროლი, რას უყურებენ ბავშვები ან მოზარდები. შეიძლება მოზარდი ეკრანთან 8-10 საათს ატარებდეს, არის შემთხვევები რომ 12 საათსაც, ამ შემთხვევაში აღარ ვიცით რას უყურებს ბავშვი და როგორ ინფორმაციას იღებს. შეიძლება ეს იყოს აგრესიის შემცველი გარკვეული ინფორმაცია, თამაშები, ფილმები, ვიდეოები. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალური ქსელები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერი შინაარსის ვიდეოების ატვირთვა, სადაც ისინი საუბრობენ გარკვეულ სირთულეებზე, დგამენ მოტივაციურ დიალოგებს. შემდგომ ამას სხვა ადამიანებიც უყურებენ.  არ ვიცით როგორ გავლენას ახდენს მსგავსი ვიდეობი ადამიანებზე, თუმცა ბევრი ბავშვი და მოზარდი არის შთაგონებული ამგვარი პოპულარული ადამიანების საუბრით,”- განაცხადა ქეთი დალინკევიჩმა „მედიაცენტრ მთავარში”.

“პანდემიამ ბავშვებში ასოციალურობა გამოიწვია” – კლინიკური ფსიქოლოგი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები