,,ჩვენს შორის ტაქტიკური სხვაობაა, ღირებულებებში აცდენა არ გვაქვს”- ირაკლი კობახიძე ,,ოცნებიდან” წასულებზე

,,ჩვენს შორის ტაქტიკური სხვაობაა, ღირებულებებში აცდენა არ გვაქვს,” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნებიდან” წასულ ე.წ. ოთხეულთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, ,,ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები პარლამენტში მხარს დაუჭერენ მმართველი გუნდის ინიციატივებს.

,,ფრაქცია არის სტრუქტურული ერთეული, რომელიც 80 კაცისგან შედგება და შედგება პარტიის წევრებისგან. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ის, რომ გვქონდეს მყარი უმრავლესობა, 80 ახლოს არის 76-თან და ხშირად გვაქვს ხოლმე ტექნიკური პრობლემები ხმის მიცემის პროცესში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მყარი იყოს უმრავლესობა და 84 კაცი იყოს მასში, ამ ადამიანებმა, ჩვენმა 4-მა კოლეგამ მზაობა გამოთქვა, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ მიიღეს თავად გადაწყვეტილება უმრავლესობაში დარჩენის თაობაზე. უმრავლესობა არ არის სტრუქტურული ერთეული, ეს არის იმ ადამიანების ერთობა, რომლებიც გარკვეულ გადაწყვეტილებებს პრინციპულად უჭერენ მხარს ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს 84-კაციანი და არა 80-კაციანი უმრავლესობა, აქ გვაქვს სუბიექტური, პარტიული და პოლიტიკური ინტერესები ამ საკითხთან მიმართებით. ჩვენ რომ გვქონდეს ღირებულებითი დაპირისპირება, ამას ვერ დავუშვებდით, მაგრამ აქ არის ტაქტიკური განსხვავება ჩვენს შეხედულებებს შორის. ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად იმ თემებზე საუბარი, რაზეც ჩვენი კოლეგები საუბრობენ, ჩვენ გვირჩევნია დახურულ კარს მიღმა ვესაუბროთ ამ ყველაფერზე ჩვენს კოლეგებს, ეს არის ტაქტიკური აზრთა სხვაობა ჩვენს შორის. რაც შეეხება ღირებულებებს, აქ ჩვენ აცდენა არ გვაქვს, მათაც იგივე ღირებულებები აქვთ, რაც გვაქვს ჩვენ და პატივს ვცემთ ამ ოთხ ადამიანს. ხშირად საუბრობენ, რომ ანტიდასავლურია მათი განცხადებები, არავითარი ანტიდასავლური და ანტიამერიკული ამ განცხადებებში არ არის”,- აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები