,,საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ტოგონიძის ბრალეულობის დამადასტურებელი”- ალექსანდრე ტოგონიძის ადვოკატი ,,მედიაცენტრ მთავარში”

მეგობრის მკვლელობაში მსჯავრდებული ბიზნესმენის, ალექსანდრე ტოგონიძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ტოგონიძის ბრალეულობას დაადასტურებს.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება გამოტანილია მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულის პირველადი ჩვენების საფუძველზე, რომელიც მას იძულებით, ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიაცემინეს.

,,2019 წლის 16 ნოემბერს, დილის 10 საათზე, ალესანდრე ტოგონიძე გადის სახლიდან, მიმდებარე ტერიტორიაზე მას პოლიცია აჩერებს და მიჰყავს ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციულ შენობაში. იმ დღის განმავლობაში, ალექსანდრე ტოგონიძე არავის უნახავს. საღამოს ოჯახმა დაიწყო ძებნა, არ იცოდნენ სად იყო, 112-შიც დარეკეს და თავად საპატრულო პოლიციას სთხოვეს დახმარება დაკარგული პირის მოძებნაში. მეორე დღეს, ოჯახის წევრები იგებენ, რომ ალექსანდრე ტოგონიძე პოლიციას წაუყვანია. ფაქტობრივად, მთელი 24 საათის განმავლობაში, ალექსანდრე ტოგონიძე იმყოფება პოლიციაში მარტო, სადაც მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის მიერ. აღნიშნული ფიზიკური ძალადობის შედეგად, მან არჩადენილი დანაშაული აღიარა. ამის შემდეგ ხდება მისი დაკავება. სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მან მეგობარი მოკლა არ არსებობს,”- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

ადვოკატის განმარტებით, ალექსანდრე ტოგონიძის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად აღიარების გარდა, სხვა მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.

,,საქმეში არსებობს მხოლოდ ალექსანდრე ტოგონიძის აღიარებითი ჩვენება, რომელიც არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით. ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება და ექსპერტიზა, თუმცა დღევანდღელ დღემდე,  ალექსანდრე ტოგონიძის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად აღიარების გარდა, სხვა მტკიცებულება, რომელიც ამგვარი სახის უმძიმეს დანაშაულში ამხელდა ტოგონიძეს არ არსებობს,”- აღნიშნა ადვოკატმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, ტოგონიძის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ ვიდეოკამერების ჩანაწერი მოითხოვა, თუმცა ბრალდებულის დაკავების დღეს შენობაში კამერები არ მუშაობდა.

,,პოლიციამ საჩხერის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიტაცა ალექსანდრე ტოგონიძე  და წაიყვანა ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციულ შენობაში. მის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში თავის დროზე  დაიწყო გამოძიება. სახელმწიფო ინსპექტორმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვა ვიდეოკამერების ჩანაწერი, რომელიც მარტივად გასცემდა კითხვას პასუხს, თუ როგორ მივიდა ალექსანდრე ტოგონიძე პოლიციის შენობაში და რა განხორციელდა მის მიმართ. რატომღაც, 2019 წლის 16 ნოემბერს, ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციულ შენობაში ვიდეოკამერები არ მუშაობდა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშში არის შესული, სადაც ომბუდსმენი საუბრობს, ვიდეოკამერის ჩანაწერების გაქრობასთან დაკავშირებით. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ალექსანდრე ტოგონიძე უწყების ჩაბარების გზით გამოცხადდა პოლიციის შენობაში. აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. საქმეში არსებობს მოწმე, რომელიც განმარტავს, თუ როგორც წაიყვანეს ალექსანდრე ტოგონიძე საჩხერის მიმდებარე ტერიტორიიდან, თუმცა აღნიშნული სასამართლომ არ შეაფასა”- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 2018 წელს მომხდარ მკვლელობას, როდესაც ვანის მუნიციპალიტეტში ბიზნესმენ ნიკოლოზ ქუმსიშვილის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე  წელიწადნახევრის შემდეგ მისი მეგობარი ალექსანდრე ტოგონიძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ  ტოგონიძემ მოკლა ქუმსიშვილი და მისი ცხედარი დანაშაულის დაფარვის მიზნით დაანაწევრა,  კასრში დაწვა და მდინარეში გადააგდო. თავად დაცვის მხარეს ბრალდებას არ იზიარებს და აცხადებს,  რომ საქმეში ერთადერთი მტკიცებულება მისი ჩვენებაა, რომელიც მას წამების და არაადამიანური მოპყრობის ფონზე მიაცემინეს.

“ერთი მეგობარი მოკლეს, მეორე ცოცხლად დამარხეს” – მერაბ ტოგონიძის საქმე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები