,,არ უნდა დავუშვათ ომი, სადაც კიდევ ერთხელ იარაღით ხელში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქართველები, აფხაზები და ოსები”- ირაკლი კობახიძე

,,როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობაციხის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ომს, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იარაღით ხელში ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები.

„თუ საჭიროა ომი, უნდა იომო. მაგრამ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ფაქტორები – ერთი ფაქტორი არის ის, რომ ყველაფერი უნდა ავწონოთ, მათ შორის რესურსების კუთხით, ასევე, რას მოუტანს ეს ომი საქართველოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ერთი ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რომელსაც საზოგადოებაც ითვალისწინებს – თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ჩვენ გვიწევს ომი ცხინვალში, აფხაზეთში – ასეთ დროს შენ ომში შედიხარ არამარტო რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან, რაც ჩვენ გამოვიარეთ 30 წლის წინ. ამას თავისუფლად შეიძლება, ეწოდოს ძმათა მკვლელი ომი, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.

ამიტომ, როდესაც საუბარი იყო პლებისციტზე, ამის უკან იდგა ის, რომ საზოგადოებას არ უნდა ომი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შესაძლო შედეგებისა და იმის გათვალისწინებით, რომ 30 წლის წინანდელის გამეორება არ გვინდა. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. როდესაც საუბარია დეოკუპაციაზე, აქ ღირებულებებიც მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ფასეულობა კი, ჩვენთვის უნდა იყოს იმ ურთიერთობების აღდგენა, რომლებიც ხელოვნურად ჩაჭრეს ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. ამას უნდა გავუფრთხილდეთ და აქედან გამომდინარე, არ უნდა დავუშვათ არავითარი ომი, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იარაღით ხელში ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები. როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მსგავსი თემები