,,ერთი მეგობარი მოკლეს, მეორე ცოცხლად დამარხეს” – ალექსანდრე ტოგონიძის ადვოკატი “მედიაცენტრ მთავარში”

მეგობრის მკვლელობაში მსჯავრდებული ბიზნესმენის, ალექსანდრე ტოგონიძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოტანილი ორი ისტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება მტკიცებულებების ერთობლიობას. მისი თქმით, სასამართლოში ,,სამართლის ხიდი ჩამოშლილია”.

,,სამწუხაროა, ორი ინსტანციის სასამართლომ ალექსანდრე ტოგანიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. როგორც ქუთაისის პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე საააპელაციო სასამართლოში სამართლის ხიდი ნამდვილად ჩამოშლილია. სასამართლო არ ხელმძღვანელობს მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს სახელმძღვანელო გახდა ემოციური ფონი, რაც თან სდევს სისხლის სამართლის ამ საქმეს, ვინაიდან საქმე ეხება ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებას,”- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

გაგი მოსიაშვილის განმარტებით, სისხლის სამართლის აღნიშნული საქმე ეხება, ორი მეგობრის ტრაგიკულ ამბავს, როდესაც ერთი მეგობარი მოკლეს, ხოლო მეორე ცოცხლად დამარხეს.

,,დაცვის მხარე კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს. საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანის მხილება, იმ ქმედებაში, რაც მას არ ჩაუდენია. საქმე ეხება, ორი მეგობრის ტრაგიკულ ამბავს, როდესაც ერთი მეგობარი მოკლეს, ხოლო მეორე ცოცხლად დამარხეს. ცოცხლად დამარხეს იმიტომ, რომ საკუთარი მეგობრის მკვლელობა დააბრალეს, ისეთი მძიმე ბრალდების ფონზე, რომ ვითომ, საკუთარი მეგობარი ჯერ მოკლა, შემდეგ დაწვა, ნაკუწებად აქცია ადამიანი და ამის შემდეგ, 100 კმ. გაიარა გარდაცვლილ, დამწვარ, კასრში მოთავსებულ ადამიანთან ერთად. 100 კმ.-ის მოშორებით, საკუთარი ავტომობილით, გადაიყვანა ვითომ კვალის ასარევად. ეს არის ბრალდების ოფიციალური ვერსია, რომელიც ორმა სასამართლო ინსტანციამ, ჩემდა სამწუხაროდ, უაპელაციოდ გაიზიარა. როდესაც ამგვარ მძიმე დანაშაულის ბრალდებასა და მხილებასთან გვაქვს საქმე, ეს უნდა იყოს მტკიცებულებებით გაჯერებული და უნდა დასტურდებოდეს, რომ ეს ნამდვილად მოხდა,”- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

ადვოკატს განმარტებით, საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ტოგონიძის ბრალეულობის დამადასტურებელი. გადაწყვეტილება გამოტანილია მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულის პირველადი ჩვენების საფუძველზე, რომელიც მას იძულებით, ფიზიკური ზემოქმედების შედეგდ მიაცემინეს.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 2018 წელს მომხდარ მკვლელობას, როდესაც ვანის მუნიციპალიტეტში ბიზნესმენ ნიკოლოზ ქუმსიშვილის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე  წელიწადნახევრის შემდეგ მისი მეგობარი ალექსანდრე ტოგონიძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ  ტოგონიძემ მოკლა ქუმსიშვილი და მისი ცხედარი დანაშაულის დაფარვის მიზნით დაანაწევრა,  კასრში დაწვა და მდინარეში გადააგდო. თავად დაცვის მხარეს ბრალდებას არ იზიარებს და აცხადებს,  რომ საქმეში ერთადერთი მტკიცებულება მისი ჩვენებაა, რომელიც მას წამების და არაადამიანური მოპყრობის ფონზე მიაცემინეს.

“ერთი მეგობარი მოკლეს, მეორე ცოცხლად დამარხეს” – მერაბ ტოგონიძის საქმე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები