თბილისის ბავშვთა ქალაქ “მზიურში” თოჯინების მუზეუმი აღარ აშენდება

თბილისში, ბავშთა ქალაქ “მზიურის” ტერიტორიაზე თოჯინების მუზეუმისთვის შენობა აღარ აშენდება, თუმცა პროექტი სხვა ადგილზე განხორციელდება.  

​როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განმარტა, “მზიურის” ტერიტორიაზე მუზეუმის აშენება კანონს ეწინააღმდეგება და აქ არაფერი აშენდება. უახლოეს დღეებში დაიწყება ბავშვთა ქალაქის რეაბილიტაცია, რასაც თბილისის მერია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად განახორციელებს.

კალაძის თქმით, პროექტი საკმაოდ საინტერესოა და ის მოსახლეობას რამდენიმე თვის წინ წარუდგინეს.

​როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, “მზიურის” ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის სპორტული, კულტურული სივრცეები მოეწყობა და თბილისს მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობ ტერიტორიას მოიცავს.

პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და პარკის აღდგენა-მოწყობას, არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, „მზიურის“ ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია-ადაპტაციას და მათ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებად გარდაქმნას ითვალისწინებს.  

მსგავსი თემები