ფეხმძიმე ცოლისთვის მიყენებული 30 ჭრილობიდან 10 სასიკვდილო იყო

ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილის საქმის პროკურორის – ლევან ჟორჟოლაძის განაცხადებით, 30 ჭრილობიდან, რომელიც ქმარმა ცოლს მიაყენა, 10 სასიკვდილო იყო.

„საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით არ არის დადგენილი, რომ ბრალდებულს გააჩნდა ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის გამოც, ის ვერ აცნობიერებდა საკუთარ ქმედებებს. მხოლოდ ისეთი სახის ინფორმაციაა მოცემული, რომ მას გარკვეული ფსიქიკური ნაკლი გააჩნდა.  მას ეს ხელს არ უშლიდა, ეხელმძღვანელა თავისი ქმედებებისთვის და შესაბამისად, მას შეუძლია, პასუხი აგოს. მისი ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება მხოლოდ სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებად იქნეს გამოყენებული.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია უშუალოდ სიკვდილის მიზეზის დასადგენად. ყველა ჭრილობა საერთო ჯამში სიკვდილის გამომწვევი გახდა, ვინაიდან, გარდაცვლილი ფაქტობრივად სისხლისგან დაიცალა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს, საერთო ჯამში, მიყენებული ჰქონდა 30 ჭრილობა, მათ შორის, 10 იყო მძიმე ხარისხის, ეს რაოდენობა მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდა განსაკუთრებული სისასტიკით“ – აცხადებს პროკურორი.

მისივე შეფასებით, ბრალდებულის მიზანი იყო, მკვლელობის გარდა, ცოლისთვის ფსიქოლოგიური ტანჯვაც მიეყენებინა.

„მისი მიზანი იყო არა მხოლოდ მკვლელობა, არამედ მკვლელობისას გარდაცვლილისთვის ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენება. საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, მათმა წლინახევრის შვილმა უშუალოდ დაინახა თუ არა, აღნიშნული დანაშაული. ბრალდებული გამოძიების ეტაპზე ამბობდა, რომ ბავშვს მკვლელობა არ დაუნახავს, სამწუხაროდ, შემთხვევის ადგილზე სხვა მოწმე არ იმყოფებოდა”,- განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ საუბარია 22 დეკემბერს, გოგა გზირიშვილის მხრიდან  დანით, ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაზე. ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს.

მსგავსი თემები