ბელგია საქართველოდან ემიგრანტებს თავშესაფარზე უარს ეუბნება

თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივნის, ნიკოლ დე მურის განაცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ბელგიაში თავშესაფარს ვერ იღებენ. მისი განმარტებით, მიზეზი მარტივია – ბელგია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად განიხილავს.

„ველოდები, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მეტ განვითარებას  საქართველოში. მივესალმები იმ ქართველებს, რომელთაც სურთ გამოცდილების მიღება, სწავლა ან მუშაობა ბელგიაში. ამისთვის კი ჩემი ქვეყანა შემოიღებს სპეციალურ პროცედურებს და კრიტერიუმებს. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი არის ამ პროცედურების უფრო კარგად გამართვა, რადგანაც შევნიშნე, რომ ვრცელდება ბევრი ე.წ. ფეიკნიუსი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, მიგრაცია ბელგიაში.

მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია, რომ მათ არ დახვდეთ არასასიამოვნო სიურპრიზები ბელგიაში ჩასვლის შემდეგ. თავშესაფრის მოთხოვნებზე საქართველოს მოქალაქეებს ძირითადად უარს ეუბნებიან, რადგანაც ბელგია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად განიხილავს. თავშესაფარს არასდროს ვაძლევთ ეკონომიკური მიზეზების გამო. უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღება სწრაფად და მათ, ვინც ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, მოუწევთ ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება“ – აღნიშნა საქართველოში ვიზიტად მყოფმა სახელმწიფო მდივანმა.

 

 

მსგავსი თემები