თბილისის ჯაზ-ფესტივალს გიტარისტი პეტ მეთინი ეწვევა

თბილისის 22-ე ჯაზ -ფესტივალს 20 გრემის მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი ეწვევა, რომელიც ღია ცის ქვეშ მსმენელის წინაშე პროექტით – Missouri Skies and More წარდგება.

ფესტივალში, მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით.

როგორც სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, თბილისის 22-ე ჯაზ ფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ახალი პროექტით Tbilisi Big Band & New Jazz Generation გაიხსნება.

“ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი თაობა შეხვდება ახალს და სხვადასხვა თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზურ კომპოზიციებს შესთავაზებენ”, – აცხადებენ კონცერტის ორგანიზატორები.

ფესტივალი თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

​პირველ მარტს კი „ივენთ ჰოლის“ სცენას, ლეგენდარული პეტ მეთინის ტრიო დაიკავებს, რომლის შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზ-გიტარისტთან ერთად, მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი არიან. 

ფესტივალი 2 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება.

მსგავსი თემები