„აშშ-ის თავდასხმა სამართალდამცველების წინააღმდეგაა მიმართული“ – ოთხეულის მორიგი გზავნილი

მმართველი გუნდიდან წასული ოთხი დეპუტატი მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები აცხადებენ,  აშშ-ის საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული.

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი  აშშ-ის საელჩოს მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ამერიკის საელჩოს განცხადებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონის შესახებ. როგორც ცნობილია, საელჩომ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და პარლამენტმა იგი საქართველოს მოქალაქეების კონტროლის მიზნით მიიღო. ვინც თუნდაც ზედაპირულად გაეცნობა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს და საერთაშორისო პრაქტიკას, მიხვდება, რომ კანონი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და მოქალაქეების კონტროლის სურვილთან მას არაფერი აქვს საერთო. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ვერც პრეზიდენტმა და ვერც ვენეციის კომისიამ კანონზე ერთი სამართლებრივი შენიშვნაც კი ვერ წარმოადგინეს.

ასეთ პირობებში, აშკარაა, რომ საელჩო მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რასაც რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისთვის იყენებს.

თუმცა, აქ ესეც არაა მთავარი. საელჩოს უსაფუძვლო თავდასხმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონზე შემთხვევითი სულაც არ არის. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მკაფიოდ იკვეთება, რომ საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული. ამის გამოხატულება იყო გამუდმებული თავდასხმები სასამართლოსა და პროკურატურაზე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა, უგულავას, მელიას, რურუას და სხვა კრიმინალების განთავისუფლების დაჟინებული მოთხოვნა და ა.შ“ – აცხადებს ოთხეული.

 

მსგავსი თემები