,,ოპოზიციას შესაძლოა, სურვილი აქვს, უსაგნო ოპონირებისთვის ახალი ფრონტი გაშალონ”- მიხეილ სარჯველაძე

,,ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ ოპოზიციის პოზიციას, თითქოს, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ულტიმატუმს ჰქონდა ადგილი” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებული პროექტისთვის ხმის არმიცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, შესაძლოა, ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ სურვილი, რომ უსაგნო ოპონირებისთვის ახალი ფრონტი გაიშალოს.

„განა რა არის აქ საულტიმატუმო ან ისეთი, რაც შეიძლება უარის თქმის მიზეზს იძლეოდეს? არ მგონია, რომ ოპოზიციამ მართებული პოზიცია დაიკავა. ვაითუ, არიან ოპოზიციის რიგებში ისეთი დეპუტატები, ვისაც მიზეზი ჰქონდა მოსაძებნი იმისთვის, რომ რეგლამენტში ცვლილებების პროექტისთვის მხარი არ დაეჭირათ. წარმოდგენილ ინიციატივას არაფერი აქვს დასაწუნი, ამის გასამართლებელი არგუმენტიც არ აქვთ.

უმჯობესია, გადახედონ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, საკუთარ პოზიციას და გადაწყვეტილება მიიღონ. საკუთარი მხარდაჭერა მესამე მოსმენით კენჭისყრისას მაინც ასახონ, როგორც ეს პირველი მოსმენის ეტაპზე გააკეთეს. შესაძლოა, აქვთ სურვილი იმის, რომ უსაგნო ოპონირებისთვის ახალი ფრონტი გაიშალოს. არავის აქვს მიზეზი აქ რაიმე ფორმით გაგვაკრიტიკოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები