,,ყველას მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ, რა დგას სასწორზე, რა გიღირთ და არ გიღირთ პოლიტიკურად” – შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს

“დღეს გამოჩნდება, შევძელით თუ არა ამ პარლამენტში საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდეთ თქვენს შვილებზე, სამშობლოზე, სწორედ ამ 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე, რა დგას სასწორზე, რა გიღირთ და არ გიღირთ პოლიტიკურად, ადამიანურად და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სადაც სახალხო დამცველის არჩევის წესის საკითხზე იმსჯელეს.

 შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი რვა პოლიტიკური ჯგუფისგან დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფზე ისაუბრა, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობა სამმა პოლიტიკურმა ჯგუფმა არ მიიღო.

 „როდესაც გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ვნახეთ, რომ ისევე, როგორც უკრაინაში და მოლდოვაში, კიდევ არის საკითხები, რომელიც შესასრულებელია სრულყოფილი კანდიდატობის სტატუსისთვის, ჩვენ წარმოვადგინეთ საპარლამენტო გეგმა, რომლითაც უნდა მოხდეს 12 რეკომენდაციის შესრულება. ხაზს ვუსვამ – ეს არის საქართველოს პარლამენტის მუშაობის გეგმა. ეს არ არის ერთპარტიული გეგმა. ამ პერიოდის განმავლობაში, პარლამენტმა, საპარლამენტო მუშაობის ფორმატში, რომელშიც  წარმოდგენილი რვა პოლიტიკური ჯგუფიდან ხუთი იღებდა მონაწილეობას, დაახლოებით, 50 სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. ამ სამუშაო ჯგუფებზე მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ თითქოს ხდებოდა დაკნინება საქართველოს პარლამენტის ინსტიტუტებისა, მათ შორის, სამუშაო ჯგუფის წარმოჩენა, რომ თითქოს ეს არის შეხვედრა, რომელსაც ფორმა არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტი, რომელიც მეტად ინკლუზიურია, ვიდრე კომიტეტის სხდომა. კომიტეტი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრა, განხილვა და დამსწრეებს შეიძლება ან არ შეიძლება, მიეცეთ სიტყვა. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, მისი მთავარი დანიშნულება არის ის, რომ არა მხოლოდ პარლამენტის წევრები, არამედ გარე აქტორებიც – სამოქალაქო სექტორი, პროფესიული წრეები იყვნენ ჩართული და თანაბრად ისხდნენ მაგიდასთან და თათბირობდნენ სხვადასხვა საკითხებზე. ამიტომ, სამწუხაროა, რომ სამმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ეს შესაძლებლობა, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მიეღო მონაწილეობა, არ გამოიყენა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ოპონენტებს სამუშაო პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 „რახან პლენარულ და კომიტეტების სხდომებზე მოდიხართ, ვერ ვხვდები, რა პრობლემა გაქვთ სამუშაო ჯგუფთან. მაშინ გამოდის, რომ  პარლამენტის ინსტრუმენტებს ახარისხებთ – რაღაც თქვენთვის არის უფრო მეტად ლეგიტიმური, რაღაც ნაკლებად, რაც უკვე თავისთავად, საქართველოს პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ და პარლამენტის რეგლამენტის მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები